მაია ბითაძის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საკითხები განიხილება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატრანსპორტო საკითხები განიხილება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ბითაძემ აღნიშნა, ყველა ის პროცესი, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფოს დახმარებით ამ კუთხით მიმდინარეობს, საზოგადოების აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

„ის საცობები, ჰაერის დაბინძურება და ხმაური, რომელიც ყოველწლიურად მზარდია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, არის ხელის შემშლელი ფაქტორი განვითარებისთვის, ამიტომ ყველა ის პროცესი, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თუ სახელმწიფოს დახმარებით მიმდინარეობს ამ კუთხით, არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია, საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

ურბანული მობილობის კვირეული ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც ფარგლებშიც ჩვენ განვიხილავთ ყველა მიმდინარე პროექტს, ამასთან საქართველოს პარლამენტის სახელით ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია დიდ ქალაქებში გადაადგილების გაუმჯობესება, ჰაერის დაბინძურების პრევენცია და ამ კუთხით ჩვენ არაერთ სამართლებრივ და საკანონმდებლო ცვლილებას ვიხილავთ. ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს უფრო მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქში პანდემიის გამო ავტობუსების შესყიდვა რომ შეფერხდა, მომდევნო წლიდან ეს პროცესი განახლდება - როგორც ჭკვიანი შუქნიშნების სისტემის ამოქმედების, ასევე ახალი 18-მეტრიანი ავტობუსების შეძენის, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად დააკმაყოფილებს დედაქალაქის მოთხოვნას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ცნობისთვის, ევროპის მობილობის კვირეული დღეს კონფერენციით გაიხსნა, რომლის გზავნილია „უკეთესი კავშირები“, რაც უკეთესად შეკავშირებულ ტრანსპორტს და პანდემიური იზოლაციის შემდეგ, ხალხის ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებას გულისხმობს.