McDonald's-ი დედოფლის დაკრძალვის დღეს დიდ ბრიტანეთში ყველა რესტორანს დახურავს

19 სექტემბერს, დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვის დღეს, ,McDonald's-ის ქსელი დიდ ბრიტანეთში ყველა რესტორანს დახურავს. კომპანიის განცხადებას BBC ავრცელებს.

სწრაფი კვების ქსელში, რომელიც დიდ ბრიტანეთში, დაახლოებით, 1 300 ობიექტს მოიცავს, ყველა რესტორანი საღამოს 17:00 საათამდე დაიხურება. McDonald's-ის წარმომადგენლის განცხადებით, რესტორნების დახურვა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ „ადამიანებს მიეცეთ საშუალება, დედოფალს მიაგონ პატივი ისე, როგორც მათ სურთ“.

მეფე ჩარლზ III-მ დედის დაკრძალვის დღე დიდ ბრიტანეთში დასვენების დღედ გამოაცხადა.

John Lewis-მა, Waitrose-მა, Asda-მ, Primark-მა და ბევრმა სხვა კომპანიამ უკვე განაცხადა, რომ 19 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღაზიებს დახურავენ, ხოლო ზოგიერთი ბიზნესი დედოფლის დაკრძალვის გამო მუშაობის საათებს შეცვლის.

დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვას მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახის წევრები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ