რუსეთმა უკრაინაში მარცვლეულის საცავების 15,7% დააზიანა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით უკრაინის მოსავლის შესანახი ობიექტების 15,7% დაზიანდა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია Conflict Observatory-ის მონაცემებში წერია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს. ორგანიზაციის მონაცემებს თავად დეპარტამენტი ავრცელებს.

Conflict Observatory განმარტავს, რომ მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინაში, დაახლოებით, 6,24 მილიონ ტონა მოსავლის საცავებს აკონტროლებდნენ. ამასთან, უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2,25 მილიონი ტონა ტევადობის, ხოლო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 0,82 მილიონი ტონა მოსავლის საცავები დაზიანდა. საერთო ჯამში ეს არის მთელს უკრაინაში მოსავლის შენახვის ომამდელი მოცულობის 5%-ზე მეტი.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, მარცვლეულის განზრახ განადგურება შესაძლოა, ომის დანაშაულს წარმოადგენდეს და 1949 წლის ჟენევის კონვენციის 1977 წლის I დამატებით პროტოკოლს არღვევდეს, ამიტომ შეერთებული შტატები ამ შემთხვევების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სწორედ რუსეთის ქმედებებმა გაამწვავა სასურსათო უსაფრთხოების გლობალური კრიზისი და ხორბლის ღირებულების სწრაფი ზრდა გამოიწვია, ხოლო „მარცვლეულის შეთანხმებამ“ სიტუაციის სტაბილიზაციას შეუწყო ხელი.

„ეს პროგრესი გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაში კვლავ რისკის ქვეშ დადგება, თუკი უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე ომის გავლენა გაგრძელდება“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასურსათო უსაფრთხოების მხარდასაჭერად აშშ-მა თებერვლიდან 5,7 მლრდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, „მარცვლეულის დერეფნის“ არაეფექტურობაზე საუბრით პუტინი მსოფლიოს შიმშილით აშანტაჟებს, რომ შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ დათმობები მოითხოვოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ