ნოდარ ხადური: ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს ან ეკონომიკას წაადგება

ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს ან ეკონომიკას წაადგება, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შეკითხვას, დაესწრება თუ არა პარლამენტში რიგგარეშე სესიას.

"ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციას რატომღაც ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა ან ლარს, ან ეკონომიკას წაადგება. მინდა, გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ არის კავშირში ის, რომ ჩვენ ახლა თუ გამოვალთ და პოლიტიკური შოუს მონაწილეები გავხდებით, ან გაცვლითი კურსი დასტაბილურდება და უკან დაიწევს, ან ეკონომიკაში უცბად მოხდება ბუმი. პირიქით, ეს პროცესები ხელს შეუშლის სიტუაციის განვითარებას. ამიტომ, თავისთავად ცხადია, ჯობდა, რომ სამუშაო ვითარებაში ყოფილიყო სიტუაცია", - განაცხადა ხადურმა.

მისივე თქმით, პარლამენტში კომიტეტები გეგმავენ, რომ მუშაობა სამუშაო ვითარებაში წარიმართოს. "ჩვენ არასდროს პრობლემა არავისთვის შეგვიქმნია. ჩვენ ვხვდებით პარლამენტის წევრებს, შევხვდით პრეზიდენტს, მივაწოდეთ ინფორმაცია ერთ მხარესაც და მეორესაც და ასე გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან ჩვენთვის მთავარია შედეგები. შედეგი არ მიიღწევა პოლიტიკურ კინკლაობაში", - აღნიშნა ხადურმა.

კითხვაზე, ანუ ის კომიტეტებზე მისვლას გეგმავს და არ გეგმავს რიგგარეშე სესიაზე გამოცხადებას, ფინანსთა მინისტრის თქმით, მას ასე არ უთქვამს. "მე არ მითქვამს, რომ რიგგარეშე სხდომაზე არ მივალ. მე ვთქვი, რომ ჩვენ პარლამენტთან ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავთ. მაგრამ პოლიტიკურ თოქშოუში მონაწილეობა პარლამენტისა და მინისტრების მონაწილეობით, ჩემი აზრით, არასწორია", - განაცხადა ხადურმა.