ბრიტანეთში ახალი მეფის გამოსახულებით ბანკნოტების შეცვლა შესაძლოა, 350 მლნ ფუნტი დაჯდეს

ინგლისის ბანკი მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებით მონეტებსა და ბანკნოტებს თანდათან გამოუშვებს, რაც შესაძლოა, დაახლოებით, 350 მლნ ფუნტი დაჯდეს. ინფორმაციას Deutsche Welle (DW) ავრცელებს.

ტელეკომპანიას ნუმიზმატებისა და მოყვარულთა ვებგვერდ The Coin Expert-ის ავტორის, ჯო ტრევიკის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთში, დაახლოებით, 4,7 მილიარდი ბანკნოტი არის მიმოქცევაში. მისი თქმით, სამეფო ზარაფხანა არ ასახელებს, თუ რა ჯდება ახალი მონეტების წარმოება, თუმცა რაკი ამჟამად 29 მილიონი შესაცვლელი მონეტა არის მიმოქცევაში, ჯო ტრევიკი ვარაუდობს, რომ მთლიანი ღირებულებაც რამდენიმე მილიონ ფუნტს მიაღწევს. DW-ის ცნობით, ეს ხარჯები ეტაპობრივი იქნება.

დედოფალი, ელიზაბედ II ბანკნოტზე პირველად ტახტზე ასვლიდან რვა წლის შემდეგ გამოჩნდა. მეფე ჩარლზ III-ის შემთხვევაშიც მსგავს ვადას ვარაუდობენ. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ინგლისის ბანკი და სამეფო ზარაფხანა ამისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.

ინგლისის ბანკის მმართველი, ენდრიუ ბეილი აცხადებს, რომ „მისი უდიდებულესობა დედოფლის გამოსახულებით ამჟამინდელი ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად დარჩება“. ბანკის განცხადებით, მომავალ ვალუტაზე განახლებული ინფორმაცია გლოვის პერიოდის შემდეგ გასაჯაროვდება.

DW-ის ცნობით, 2016 წელს 50-ფუნტიანი სინთეტიკური კუპიურების გამოშვებასა და ჩანაცვლებას ინგლისის ბანკი 16 თვე მოუნდა, რაც თვითმომსახურების ავტომატებისა და ბანკომატების მოდერნიზაცია-ჩანაცვლების გამო, დაახლოებით, 236 მლნ ფუნტი დაჯდა.

ელიზაბედ II იყო პირველი მონარქი, რომელიც ინგლისის ბანკის ბანკნოტებზე გამოჩნდა. დედოფლის ასაკის მატებასთან ერთად მისი გამოსახულება ხუთჯერ განახლდა. დედოფალი ბოლოს 2015 წელს გამოცემულ მონეტებზე გამოისახა.

წარსულში სხვადასხვა მონარქის მონეტები მიმოქცევაში მათი გარდაცვალებიდან ათი წლის განმავლობაში რჩებოდა. თუმცა როცა დედოფალმა სამეფო გადაიბარა, მამის გამოსახულების მქონე მონეტები მიმოქცევაში მისი გარდაცვალებიდან 20 წლის განმავლობაში დარჩა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ