„ვთვლი, რომ ლიდერი ვარ“ - რა არის „ბიბლუსი ჯგუფის“ პროგრესის მაჩვენებელი

„ბიბლუსი“ პირველი სურვილიდან და ენთუზიაზმიდან დაიწყო, რომ ამ სექტორში რაღაც ახალი გაგვეკეთებინა და წიგნიერებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა“ - „ბიზნეს პორტრეტის“ მორიგი სტუმარი „ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორი ირაკლი გაგნიძე იყო.

„თავიდან, დიდი ხნის განმავლობაში ბევრი ადამიანი მხრიდან უდიდესი შრომა იყო გაწეული, მათ შორის ენთუზიაზმით გაკეთებული საქმეებიც. იყო ეტაპი, როცა ეს საქმე, როგორც ბიზნესი უნდა ჩამოგვეყალიბებინა, სადაც ხალხი კითხვაზე ფსონს გააკეთებდა. 1 წელი საქმე ისე კეთდებოდა, რომ ყველა თანამშრომელი იყო რიგითი, სადაც საჭირო იყო ყველა გენერალი იყო, სადაც საჭირო იყო ყველა წინა ხაზზე იყო. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღება გუნდურად ხდებოდა. ალბათ, ამან განაპირობა, რომ ეს საქმე წარმატებული გახდა. წლების განმავლობაში ეს ადამიანები სულს და გულს დებდნენ ამ საქმეში და უყურებდნენ არა მხოლოდ როგორც კომერციულ ობიექტს, არამედ ქვეყნის მომავალს. აქ თითოეულ აგურს თავისი სახელი აქვს, იმ პიროვნებების, ვინც ეს საქმე გააკეთა“.

საწყისი სტაფიდან თუ არიან დღეს თანამშრომლები?

კი, არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პირველი დღიდან მოგვყვება. ზოგი მათგანი ქსელში მუშაობს, ზოგიც - მაღალ თანამდებობას იკავებს. ოდესღაც რომ მოლარეები და კონსულტანტები იყვნენ, დღეს სხვადასხვა განყოფილებების უფროსები არიან.

„ბიბლუსი ჯგუფი“ წარმოგიდგენიათ თქვენს გარეშე?

მე არ წარმომიდგენია ჩემი თავი „ბიბლუსის“ გარეშე, თორემ „ბიბლუსი“ წარმომიდგენია. „ბიბლუსი ჯგუფი“ დღესაც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ჩემს გარეშე. ეს არის სრულიად დამოუკიდებელი ჯგუფი. მაგრამ ჩემთვის, ეს არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის ცხოვრებისეული ემოცია, ურთიერთობა, სულ სხვა რამეა.

ქართველი მომხმარებელი წიგნებს ელოდება?

კი და ეს ძალიან მახარებს. არამარტო ელოდებიან, გვთხოვენ, რომ რაღაც კონკრეტული ვთარგმნოთ, რომელიმე კონკრეტული უცხოური ჩამოვიტანოთ. მიხარია, რომ ამ ყველაფერში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.

რამდენად მნიშვნელოვანია განცდა, რომ მსგავს სასარგებლო საქმეს აკეთებთ?

დღესდღეობით გადარჩენის ერთ-ერთი საშუალება განათლებაა. მე დღემდე არ მესმის, ასეულობით მილიონი რომ იხარჯება შეიარაღებაში, ამ ყველაფერს განათლება რომ დავუპირისპიროთ, როგორ შეიცვლებოდა სამყარო?!

წლიდან წლამდე მომხმარებლების მხრივ პროგრესი რამდენად დიდია?

საოცარი პროგრესია, განსაკუთრებით ახალ თაობაში. მათ შორის არიან ჩემი შვილები, რომელთა მიდგომა კითხვასთან, გემოვნებასთან საოცრად ვითარდება.

საქართველოში წიგნიერების პროგრესის მაჩვენებელი რა არის?

ის, რომ იყო დრო, როცა წიგნს ვიზუალით ყიდულობდნენ და დღეს ამოსავალი წერტილი უკვე სხვა არის: შინაარსი, იდეა, თემა.

ის, რომ 300 ათასი მუდმივი მომხმარებელი გვყავს, რომელიც გამომწერის დონეზე არის და ეს რიცხვიც ზრდადია.

ის, რომ 78 მაღაზია გვაქვს ქვეყნის მასშტაბით და 15 წლის წინ სულ რამდენიმე ერთეული იყო.

ის, რომ დღეს საგამომცემლო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია და ეს „ბიბლუსის“ დამსახურებაცაა.

და საბოლოო ჯამში ის, რომ რეგიონის მასშტაბით ჩატარებული ყველა კვლევებით ლიდერები ვართ გამოცემული ტირაჟითა და გაყიდული რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე.

იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი სექტორი აკეთებს არამხოლოდ ბიზნესს, არამედ ემსახურება ქართულ ეროვნულ საქმეს, კონკურენციაც განსხვავებული გაქვთ?

დიახ, წლების განმავლობაში ვცდილობდით და ასეც ვაკეთებდით, რომ თუ სადმე წიგნის მაღაზია იყო, ახლოს არ ვეკარებოდით. გვესმის, რომ სფერო იყო მნიშვნელოვანი და მათაც ვაძლევდით განვითარების საშუალებას. რადგან პირველი ამოცანა იყო ამ სფეროს განვითარება და შემდეგ კონკურენცია.

დღეს კონკურენტულია ეს სფერო?

დიახ, უკვე არის რამდენიმე ქსელი, რომელიც კონკურენციას გვიწევს, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს სექტორი საქართველოში ნამდვილად შედგა.

თანამშრომლებს რის მიხედვით ირჩევთ, რა არის მთავარი კრიტერიუმი?

ალბათ „ბიბლუსმა“ მოიტანა თავისებური ხასიათი. ვცდილობ, სახასიათოდაც ისეთი ადამიანი ვნახო, ამ გუნდისთვის ერთგვარად ორგანული ნაწილი იყოს.

განვითარების მოტივაციას რა გაძლევთ?

აქტიური ცხოვრების მოყვარული ვარ და ჩემს წინაშე სულ ამ გამოწვევებს ვსახავ. დროის კარგვა არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ, სულ რაღაც ნაბიჯი გადავდგა და ვცდილობ, ვიყო იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ.

თუ იყო თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც მოგცათ შანსი და თქვენს ის გამოიყენეთ და შესაბამისად გახდით წარმატებული?

დიდი ხნის წინ ვიყავი დისტრიბუციაში და ჩემი გზა საკმაოდ რთულად იწყებოდა. ალბათ სურვილი და მუხტი იყო განვითარებისა და იყო ადამიანი, ვინც ეს შეამჩნია და მომცა საშუალება, თავი გამომეჩინა. ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იყოს ადამიანი, ვინც შანსს მოგცემს და მეორე გყავდეს ადამიანები, ვინც გენდობიან. მე მომეცა ამისი შანსი და მას მერე ერთგვარად დაიწყო პროგრესი და წინსვლა, რომელიც წლების მერე დაგვირგვინდა „ბიბლუსი ჯგუფის“ სახით.

პირველი ხელფასი რამდენი გქონდათ?

პირველი ხელფასი 50 ლარი იყო. სადისტრიბუციო, სადაც ვმუშაობდი, წიგნების კომპანია იყო. ეს იყო 90-იან წლებში. სწორედ იქ, სტაჟირების ხელფასი იყო 50 ლარი.

რაში გამოიყენეთ ეს თანხა?

ჩემს მეგობარ გოგოსთან, რომელიც ამჟამად ჩემი მეუღლეა, წავედი ერთ-ერთ რესტორანში.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ფული ცვლის ადამიანს?

რაღაც დოზით კი, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ღირებულებები და ფასეულობები, რაზეც ის დგას. იცვლება გემოვნება, იზრდება მადა, მაგრამ საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი ცვლილება არ უნდა მოხდეს. ეს კითხვა ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის, რადგან ბევრი რამ მაქვს გამოვლილი და არ მინდოდა ამ მიზეზით ჩემი „მე“ დამეკარგა. რასაც ვუყურებ, შეძლებისდაგვარად თავს ვართმევ, რომ ყველა ღირებულება შევინარჩუნო.

სტატუსი პიროვნული თავისუფლების დაკარგვას ხომ არ იწვევს?

რაღაც დონეზე კი. ადამიანის საწყისი უნდა იყოს ზომიერების სწორი აღქმა, ზომიერება არის ის, რაც ძალიან აკლია დღევანდელ სამყაროს. ასევე დაფიქრება, რომ შესაძლოა ცდები და კონკრეტულ სიტუაციაში მართალი არ ხარ. ამითი შენდება ოჯახიდან დაწყებული საზოგადოება, ქვეყანა, სამყარო და ა.შ.

ზომიერება არის ბიზნესის სწორად კეთების ერთ-ერთი ძირითადი მთავარი რეცეპტი?

ზომიერება ბიზნესის ნაწილში ალბათ ცოტა განსხვავებულია, რადგან ბიზნესი ცოტა რისკსაც მოითხოვს, ხისტ დამოკიდებულებებს.

ირაკლი გაგნიძე არის ლიდერი თუ ბოსი?

ვთვლი, რომ ლიდერი ვარ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მარტო ლიდერი ვარ, უბრალოდ ძალიან კარგი გუნდის ერთ-ერთი წევრი ვარ, რადგან მათ გარეშე არ გამოვიდოდა ბევრი რაღაც. ინდივიდი - ირაკლი გაგნიძე აქ არაფერს წარმოადგენს, რომ არა ეს გუნდი.

მთავარი ღირებულება თქვენთვის რა არის?

ალბათ უბრალოდ, რომ იყო ადამიანი.

მთავარი ღირებულება ბიზნესში რა არის?

იყო მუდმივად ორიენტირებული სიახლეზე, განვითარებასა და ახლის შექმნაზე.

საქმეში ყველაზე რთული პერიოდი პანდემიის პერიოდი იყო?

ეს ის პერიოდი იყო, როცა არ ვიცოდით, რა იქნებოდა წინ. მაგრამ, ზოგადად, ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ, იყო დრო, როდესაც ჩვენი პარტნიორები არ ენდობოდნენ საქმეს, რომელსაც ჩვენ ვიწყებდით, „ბიბლუსზე“ მაქვს საუბარი. გამომცემლების უმეტესობა არ გვენდობოდა, როგორც ბრენდს. ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იყო გეგმებისა და პროგნოზების დასახვა, ვთხოვდით, რომ რაღაც ეტაპამდე მაინც გამოგვყოლოდნენ, რათა შედეგები ენახათ. მაშინ ისეთი დროც იყო, ახლა რამდენ წიგნსაც ვყიდით კვირაში, წელიწადში გამოდიოდა მაშინ, ამიტომ რისკი მათთვისაც და ჩვენთვისაც დიდი იყო. პატარა ნაბიჯებით მივდიოდით წინ.

ყველაზე ბედნიერი წამი რომ გაიხსენოთ...

პირველი შვილის დაბადება. ჯერ ერთი, მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მეორეც, ალბათ ყველაზე განსხვავებული ემოცია იყო, რაც კი დღემდე განმიცდია.

თქვენი მთავარი რეგალია მამობაა?

ჩემი თავისუფალი დროის დიდი ნაწილი, ვცდილობ, ვიყო არა მიმთითებელი, არამედ ერთგვარი მეგზური და ერთ-ერთ დანიშნულებად მიმაჩნია, რომ ჩემს შვილებს მოკლედ ავუხსნა, რა ხდება ირგვლივ. ოღონდ, ეს ისე გავაკეთო, რომ მითითებები არ მივცე და გადაწყვეტილების მიღების უფლება მათ დავუტოვო.

ოჯახის როლი თქვენს წარმატებაში რამდენად დიდია?

ალბათ, ერთ-ერთი უდიდესი. რაც გამორჩეულად მიყვარს ჩვენს ურთიერთობაში არის ის, რომ ერთმანეთისთვის ცოლ-ქმარი არ ვყოფილვართ მხოლოდ, წლიდან წლამდე ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ღრმავდება.

რა არის თქვენი მომავლის პროექტი?

ძალიან მინდა, ჩვენი წარმატება გავიტანოთ ქვეყნის გარეთ, ერთგვარი ექსპორტი გავაკეთოთ „ბიბლუსი ჯგუფის“ და იმ გამოცდილების, რაც ჩვენ უკვე შევიძინეთ. ეს უახლოესი გეგმაა, გვაქვს სათანადო ამბიცია და იმედია, მალე განვახორციელებთ.

რომელ ქვეყნებში შეიძლება ვიხილოთ „ბიბლუსი“?

ჯერ ახლო სამეზობლოში და შემდეგ ვნახოთ, შეიძლება ცოტა შორეულშიც.

პროგრამა „მინიმუმი“, რაც საკუთარ თავს დაუწესეთ, უკვე შესრულებულია?

არ დამიწესებია მინიმუმი. მაქსიმუმი კი ის არის, რასაც შევძლებ.

ეკა დარჩიაშვილი