საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდნენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმებსა და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა - კენ მაკინტოშმა და თამარ ჩუგოშვილმა წარადგინეს.

„ჩვენ, კომიტეტის მანდატიდან გამომდინარე, ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო პროცესებს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს – ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტისა და დაზღვევის საზედამხედველო სამსახურებს და ა.შ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომიტეტმა ევროკავშირის ორწლიანი TWINNING პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება" დაიწყო. მსგავსი პროექტი პირველია საქართველოს პარლამენტში, რაც საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია."-განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, ამ მიმართულებებით საპარლამენტო ზედამხედველობის გამჭვირვალობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რასაც წარმოდგენილი სახელმძღვანელო პასუხობს.