ოქროს ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა - მკვეთრი კლების მიზეზები

17 სექტემბრისთვის საერთაშორისო ბირჟაზე 1 უნცია ოქროს ფასი 1,675 დოლარამდეა შემცირებული, რაც 2 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ოქროს ღირებულებაზე გავლენას მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები ახდენს - რეცესიის მოლოდინი, საპროცენტო განაკვეთების ზრდა და დოლარის გამყარება.

მოსალოდნელია, რომ შემდეგ კვირაში აშშ-ს ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე რეკორდულად მყარდება დოლარის კურსი, რაც ამერიკულ ვალუტას სხვა აქტივებთან შედარებით უფრო მიმზიდველს ხდის - ინვესტორები ახლა ოქროს ყიდიან და აქცენტს დოლარზე აკეთებენ, რაც ძვირფასი ლითონის ფასის შემცირებას იწვევს.

ამერიკის ინფლაცია ორნიშნა ნიშნულთან ახლოსაა. აგვისტოში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 8.3% შეადგინა, რაც ფედერალურ რეზერვს აიძულებს, აირჩიოს 1980 წლის შემდეგ ყველაზე აგრესიული გამკაცრების პოლიტიკა და წელს განაკვეთები 0%-დან 2.25-2.50%-მდე გაზარდოს.

ეკონომისტების აზრი საპროცენტო განაკვეთის მატებასთან დაკავშირებით ორადაა გაყოფილი - ნაწილი მიიჩნევს, რომ შემდეგ სხდომაზე მონეტარული განაკვეთი კიდევ 0.75 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ზრდა 0.50 პროცენტიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ წელს ოქროს ფასი არასტაბილურია - მიმდინარე წლის მარტში ღირებულებამ 2,000 დოლარსაც კი გადააჭარბა, თუმცა მარტიდან მოყოლებული კლების ტენდენცია ახასიათებს.

კახი ჩაკვეტაძე