"აფბამ" სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან შეხვედრა გამართა

პროექტ "განავითარე ბიზნესის" ფარგლებში "აფბამ" კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან შეხვედრა გამართა.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ინფორმაციით, ადგილობრივ ფერმერულ გაერთიანებასთან გამართული შეხვედრის მიზანს ადგილზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ფერმერული გაერთიანება "ნიქოზის" შემდგომი განვითარებისთვის სამოქმედო ნაბიჯების დასახვა წარმოადგენდა. "აფბას" წევრებმა სოფელ ნიქოზში დაახლოებით 20-მდე მცირე მეურნეობა დაათვალიერეს.

"აფბას" აზრით, რეგიონში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საგანმანათლებლო საქმიანობას, საუბარია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებში თანამედროვე ცოდნის გადმოტანაზე ადგილობრივ პრაქტიკაში. ამისთვის აუცილებელია, ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების ჩართვა პრიორიტეტების განსაზღვრაში, ასევე, ტრენინგებისა და სხვა გადასამზადებელი ღონისძიებების მოწყობა.

"აფბას" ინფორმაციით, ნიქოზში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა სახასიათო პრობლემა - ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ პროგრამებზე, შესაბამისად, არ აქვთ წვდომა იმ სიკეთეებზე, რასაც ეს პროგრამები გულისხმობს. "აფბას" პოზიციით, ნიქოზში ადგილობრივი ფერმერების მიერ დასმული პრობლემები სრულად შეესაბამება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალ პროგრამას "დანერგე მომავალი", შესაბამისად, ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს ფერმერული გაერთიანება "ნიქოზის" მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელიც სწორედ სანერგე მეურნეობების განვითარებასა და ადგილზე თანამედროვე ტრენინგ-ცენტრის მოწყობას გულისხმობს.

შეხვედრა ნიქოზში "აფბას" და კომპანია "ბილაინის" ერთობლივი პროექტის – "განავითარე ბიზნესის" ფარგლებში შედგა. პროექტი მცირე მეწარმეობის განვითარების პრობლემატიკას ეხება. პროექტის სამიზნე აუდიტორია თვითდასაქმებულებია.