ლონდონის სასტუმროების დატვირთვამ რეკორდულ 95%-ს მიაღწია

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლებმა, რომლებიც ლონდონში დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ჩავიდნენ, ბრიტანეთის ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას ხელი შეუწყვეს. ინფორმაციას Associated Press (AP) ავრცელებს.

სააგენტოს Hotelplanner.com-ის მონაცემები მოჰყავს,რომლის მიხედვითაც, ტურისტებისა და უცხოური დელეგაციების გამო ლონდონის სასტუმროების დატვირთვა დედაქალაქში რეკორდულ 95%-ს აღწევს.

ბუკინგემის სასახლესთან მდებარე ლონდონის Corbigoe Hotel-ის მენეჯერმა, რიაზ ბადარმა AP-ს განუცხადა, რომ მოგზაურებმა სასტუმროს 35-ვე ნომერი დაჯავშნეს. მისი თქმით, ამჟამად აღნიშნულ უბანში, რომლესაც „ვიქტორიას“ უწოდებენ, ყველა სასტუმროს ნომრები დაკავებულია.

AP წერს, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის ცნობით, 19 სექტემბერს, დედოფლის დაკრძალვის დღეს სუპერმარკეტების, მაღაზიების და სხვა ბიზნესის დახურვამ შესაძლოა, ბრიტანეთის ეკონომიკას ხელი შეუშალოს. თუმცა Hotelplanner.com-ის ხელმძღვანელი, ტიმ ჰენტშელი დარწმუნებულია, რომ სამეფო ოჯახის მიმართ ელიზაბედ II-ის გარდაცვალებით გამოწვეული ინტერესის ზრდამ შესაძლოა, ბრიტანული ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას ხელი შეუწყოს. მისი შეფასებით, ბოლო დღეებსა და შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ჩასული ტურისტებისგან მიღებული საერთო იმპულსი მოკლევადიანი ზარალს ბევრად გადაწონის.“

AP-ის ცნობით, ტურიზმის ზრდას, ასევე, ხელს უწყობს ფუნტი სტერლინგის კურსის დაცემა: 16 სექტემბერის მონაცემებით, ბრიტანული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით, ბოლო 37 წლის განმავლობაში, მინიმუმამდე დაეცა. ვალუტა დიდი ბრიტანეთის ეკონომიკაში ზოგადი რეცესიის ფონზე უფასურდება, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსული ენერგომატარებლების იმპორტზე უარის თქმის შემდეგ, ენერგორესურსების ფასების ზრდით არის გამოწვეული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ