პოტანინს „ნორნიკელი“ სახალხო კაპიტალიზმზე გადაჰყავს

რუსი მილიარდერი, ვლადიმერ პოტანინი თავის კომპანია „ნორნიკელში“ ე.წ. სახალხო კაპიტალიზმის პრინციპების განხორციელებას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და უმსხვილესმა აქციონერმა РБК-სთან ინტერვის დროს განაცხადა.

პოტანინის თქმით, „სახალხო კაპიტალიზმის“ 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში, კომპანიის აქციების 25% „ხალხს, მათ შორის თანამშრომლებს“ უნდა დაუბრუნდეს.

„იდეა ერთგვარი ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, რადგან 1994 წელს, როცა „ნორილსკი ნიკელის“ პრივატიზება მოხდა, აქციების, დაახლოებით, 25% თანამშრომლებს ეკუთვნოდა. თუმცა, მათ ამ ტიპის ინვესტიციით, სამწუხაროდ, სრულად ვერ ისარგებლეს და ბევრმა ეს აქციები გაყიდა, ”- აცხადებს რუსი მილიარდერი.

პოტანინის ცნობით, „ნორნიკელის“ თანამშრომლები აქციებს ციფრული ფორმით, კორპორაციული პროგრამა „ციფრული ინვესტორის“ ფარგლებში მიიღებენ, რომლის პირობებიც მუშავდება. მისი ჩაშვება 2023 წელს იგეგმება. პროგრამა ბლოკჩეინ პლატფორმა Atomize-ზე განხორციელდება და lock-up (ჩაკეტვის) პერიოდებს მოიცავს, რომ ადამიანებმა ეს აქტივები დაუყოვნებლივ ვერ მოიშორონ. მილიარდერის შეფასებით, ციფრული ფინანსური აქტივების გამოყენება აქციების შეძენის „ფრაგმენტირების“ საშუალებას იძლევა, ანუ აქცია მთლიანად კი არა, შესაძლოა, ნაწილობრივ იქნეს შეძნილი.

„ნორნიკელის“ აქციები ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირია: 16 სექტემბერს, მოსკოვის ბირჟაზე ერთი აქცია 16 200 რუბლი (268 დოლარამდე) ღირდა. აქციის მცირე ნაწილებად დაყოფით ჩვენ ინვესტიციის შესაძლებლობას მივცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მის შესაძენად დიდი დანაზოგი არ აქვთ,“ - აცხადებს პოტანინი.

ჰოლდინგ „ინტერროს,“ ასევე, „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი, ვლადიმირ პოტანინი Forbe-ის ყველაზე „გაღარიბებული“ რუსი მილიარდერების ტოპ 10-ეულში შედის, რომლებმაც სანქციების შედეგად წელს ყველაზე დიდი თანხა დაკარგეს. თუ 2021 წელს პოტანინის ქონება 27 მლრდ დოლარს შეადგენდა, წელს ის 17,3 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციებმა მილიარდერს 9,7 მლრდ დოლარი დააკარგვინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ