მორიგი რეკორდი - საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ისევ გაიზარდა

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 73,9 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398,5%-ით მეტია. შარშან, საანგარიშო პერიოდში დენის ექსპორტიდან შემოსავალმა 14,8 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, წელს, უკვე მეორე თვეა ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ათეულში ხვდება. იანვარ-აგვისტოში მთლიან ადგილობრივ ექსპორტში დენის წილი 3%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ასეთი დიდი მოცულობით ექსპორტი არ განხორციელებულა. ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2014 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2022 წლის 8 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა - 69,303 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი - 3,980 მლნ დოლარი, მესამეზე კი აზერბაიჯანი - 569,7 ათასი დოლარი. რაც შეეხება რუსეთს, იქ წელს 0,97 მლნ დოლარის ღირებულების დენი გავყიდეთ.

ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს საქართველომ მხოლოდ 34,745 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა და ისიც ძირითადად ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში.