მე-2 კვარტალში საქართველოს მშპ 7.1%-ით, 17.979 მლრდ ლარამდე გაიზარდა

2022 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 17 979.4 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.1 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 8.2 პროცენტით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (75.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (18.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (27.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (10.9 პროცენტი), განათლება (12 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (3 პროცენტი).

ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-2.7 პროცენტი), მშენებლობა (-3.2 პროცენტი).

„მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (16.5 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (10.9 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.0 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.3 პროცენტი), მშენებლობა (7.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (4.8 პროცენტი),“- აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

თაია არდოტელი