Heineken-ის რუსული კომპანია უალკოჰოლო გაზიანი სასმელების წარმოებას გეგმავს

Heineken-ის რუსულმა სტრუქტურამ, რომელიც ქვეყანაში სიმძლავრით ლუდის მესამე მწარმოებელი კომპანიაა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ხაზი დაარეგისტრირა.

„კომერსანტის“ ცნობით, კომპანიამ „როსაკრედიტაციაში“ Royal Cola Original-ის, Royal Cola Zero-ს, Tony Lemony Orange-ისა და Tony Lemony Lemon-ის ხაზის ჩაშვებაზე განაცხადი შეიტანა. გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციაში წერია, რომ სასმელები შესაძლოა, მინაში, პლასტმასის ბოთლებსა და ალუმინის ქილებში ჩამოასხან, ხოლო მათ მწარმოებლებად Heineken-ის რუსული ქარხნები არის დასახელებული.

კომპანიის პორტფელი Amstel-ს, Okhota-ს, Three Bears-ს, Stepan Razin-სა და სხვა ბრენდებს მოიცავს, ხოლო მისი ქარხნები სანკტ-პეტერბურგში, ნიჟნი ნოვგოროდში, სტერლიტამაკში, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში, ირკუტსკსა და ხაბაროვსკში მდებარეობს. რუსული Heineken-ის შემოსავალი 2021 წელს 12,5%-ით, 36,9 მლრდ რუბლამდე (611 741 916 დოლარამდე) გაიზარდა.

Heineken-ის სათაო ოფისმა ადრე გამოაცხადა, რომ რუსულ აქტივებს წლის მეორე ნახევარში გაყიდის და ბაზარს საბოლოოდ დატოვებს. „კომერსანტის“ წყაროები ამბობენ, რომ უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ხაზით გაფართოებამ შესაძლოა, კომპანიის ბიზნესის ღირებულება გაზარდოს.

Coca-Cola-ს ანალოგის რუსული ჩამომსხმელი, Multon Partners, რომელიც ყოფილ Coca-Cola HBC-ს წარმოადგენს, ამჟამად გაზიან სასმელებს ბრენდ „Добрый“-ით აწარმოებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის საცალო მაღაზიების დახლებზე Coca-Cola ჯერ კიდევ შეინიშნება, თუმცა ეს რუსული წარმოების კი არა, იმპორტირებული პროდუქტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ