იაპონიის მშპ 30 წელიწადში პირველად ჩამოცდება 4 ტრილიონ დოლარს

დოლარში აღრიცხული იაპონიის მშპ, ქვეყნის ეროვნული ვალუტა იენის მკვეთრად გაუფასურების გამო, პირველად აღმოჩნდება ბოლო 30 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულზე და 1992 წლის შემდეგ 4 ტრილიონ დოლარზე დაბლა იქნება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Nikkei ავრცელებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზით, იაპონიის მშპ მიმდინარე წელს 553 ტრილიონ იენს შეადგენს. აღნიშნული ოდენობა დოლარში კი 3,9 ტრილიონი დოლარია. ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუბარი არ არის ეკონომიკის რეცესიაზე, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკის შეფასება იენში ხდება.

დღეს დილის მდგომარეობით იაპონური იენი 1 დოლართან მიმართებაში 143,12-143,15 იენის ფარგლებში ივაჭრება. გასულ კვირას ის 145 იენამდეც ავიდა და ექსპერტების შეფასებით ის შესაძლოა, წლის განმავლობაში 150 იენამდეც გაუფასურდეს.

დოლარში ნომინირებული იაპონიის მშპ წლის ბოლოსთვის გერმანიის მშპ-ს ტოლი იქნება. არადა, როგორც გამოცემა წერს, იაპონიის მშპ დოლარში 2012 წელს 6 ტრლნ დოლარი იყო, რაც გერმანიის მშპ-ზე 80%-ით მეტი იყო.

კოკა კვირკველია