„კარდანოს ფონდი“ საქართველოს ღვინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან პარტნიორობას იწყებს:

2022 წლის 8-13 სექტემბერს, „კარდანოს ფონდის“ (Cardano Foundation) წარმომადგენლები - მელ მაკ კენი (ინჟინერიის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი) და ჯერემი ფირსტერი (პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ოფიცერი) თბილისს, ბოლნისს და თელავს ეწვიენ. ვიზიტის მიზანი „კარდანოს ფონდის“ და შვეიცარული კომპანია „სკანტრასტის“ (ScanTrust) საპილოტე პროგრამა იყო, რომელიც საქართველოს ღვინის სექტორს განვითარებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობის გადაწყვეტილებას სთავაზობს: მეღვინეები საკუთარი პროდუქციის ეტიკეტებზე „კარდანოს“ და „სკანტრასტის“ კოლაბორაციის შედეგად შექმნილ უსაფრთხოების კოდებს დაიტანენ, რომლებიც მომხმარებლებს შეუძლიათ, მობილურით დაასკანერონ და პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ამოიკითხონ.

10 სექტემბერს, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს დროებით ოფისში, სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ, მეღვინეების გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელმა გურამ ავქოფაშვილმა და ფონდ კარდანოს სახელით, მელ მაკ კენმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი: ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლნისელი მეღვინეები საკუთარი ნაწარმის ავთენტურობის დაცვას „კარდანოსა“ და „სკანტრასტის“ კოლაბორაციით დამზადებული ეტიკეტებით შეძლებენ (ეტიკეტები მეღვინეებს უსასყიდლოდ გადაეცემათ). საპილოტე პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 20-მდე მეღვინეობამ დააფიქსირა და გამოხატა მზაობა, ურთიერთთანამშრომლობით მოქნილი, საჯარო მიკვლევადობის დახვეწილი სისტემის განვითარებას შეუწყონ ხელი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს - როგორც ღვინის სამშობლოს საერთაშორისო ცნობადობისა და რეპუტაციის გაძლიერებაზე იზრუნებს.

„კარდანოს“ და „სკანტრასტის“ საპილოტე პროგრამაში, ორი წლის წინ, ქართველი ქალების მიერ დაარსებული „ბაიას მეღვინეობა“ ჩაერთო და მსოფლიოში პირველმა, საკუთარი პროდუქციის ეტიკეტებზე ავთენტურობის დასაცავად შექმნილი უნიკალური QR-კოდები დაიტანა. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა: „ბაიას ღვინის“ მიმართ საერთაშორისო ინტერესი გაიზარდა და ექსპორტი ნორვეგიაში, ფილიპინებში, ჩინეთსა და კანადის ერთ-ერთ პროვინციაში გაფართოვდა. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს გადაწყვიტილებით, საპილოტე პროექტს მეტად ფართო მასშტაბი მიენიჭა: „კარდანოს ფონდს“ ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებასთან თანამშრომლობა შესთავაზეს. ბოლნისის უნიკალური ადგილწარმოშობა 13 ტერუარს და 40-მდე მეღვინეობას აერთიანებს.

„კარდანოს ფონდის“ წარმომადგენლები, ფონდის ბრენდ-ამბასადორ ენდრიუ თორნჰილთან ერთად, ბოლნისის აგროცენტრში შეკრებილ მეღვინეებს შეხვდნენ და ბლოკჩეინზე დაფუძნებული მიკვლევადობის პროგრამის ფარგლებში სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს; პრეზენტაციის შემდეგ, ადგილობრივი მეღვინეების მარნებიც მოინახულეს და 8000-წლოვანი ტრადიციის მქონე ვენახები დაათვალიერეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ფონდის წარმომადგენლები ღვინის ინდუსტრიით განთქმულ კახეთის რეგიონს ეწვიენ და სოფელ ნაფარეულში, დიდყურის ტერუარში მდებარე მეღინეობა „შუმის“ ბიო ვენახში რთველსაც დაესწრენ. „შუმის“ მფლობელმა აკაკი ცოფურიშვილმა სტუმრებს კახეთის ნიადაგის უნიკალური თვისებების შესახებ უამბო, რაც მოცემულ ტერიტორიაზე ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშების არსებობას განაპირობებს.

მელ მაკ კენი, „კარდანოს ფონდის“ ინჟინერიის დემარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი: „კარდანოს ფონდის“ საამაყო მიმართულებაა ტექნიკური ინტეგრაციის ინიციატივები, რაც სხვადასხვა კომპანიას თუ სისტემას თავიანთი უნიკალური გადაწყვეტილებების განვითარებაში ეხმარება. მოცემული კოლაბორაცია შემოქმედებით, ხარჯთეფექტურ, მოქნილ სერტიფიცირების და მიკვლევადობის სისტემას განავითარებს და მეღვინეებს საკუთარი პროდუქციის ავთენტურობის დამტკიცების საშუალებას მისცემს: მათი მომხმარებლები სრულად გამჭვირვალე სისტემის საშუალებით შეიტყობენ თითოეული ჩამოსხმის შესახებ არსებულ დეტალურ ინფორმაციას - ყურძნის კრეფით დაყწებული, ბოთლის გაყიდვით დასრულებული. საბოლოო ჯამში, ჩვენი პარტნიორობა ქართველ მეღვინეებს მომხმარებლებთან მარტივ ინტერქაციაში დაეხმარება.

საპილოტე პროგრამა ბოლნისის რეგიონში დაიწყება და როგორც ადგილობრივ, ასევე - საექსპორტო ბაზრისთვის განკუთვნილ ნაწარმს შეეხება: საწყის ეტაპზე, პროექტს 2022 წლის შემოდგომის მოსავლით დამზადებული და 2023 წლის გაზაფხულზე ჩამოსხმული 100,000 ბოთლით დავიწყებთ. მათზე უნიკალური ეტიკეკტებს დავიტანთ უსაფრთხოების QR-კოდებით, რაც მომხმარებლებს პროდუქტის ავთენტურობის შემოწმების და წარმომავლობის შესწავლის საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო „კარდანოს“ ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საექსპორტო პროდუქციის შესახებ საჯარო, გადამოწმებადი ჩანაწერების - ღვინის სერტიფიკატების განთავსებისთვის გამოიყენებს.“

გურამ ავქოფაშვილი, მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ დამფუძნებელი: „ჩვენი მიზანია, 10 წელიწადში საექსპორტოდ ყოველწლიურად 12-მილიონი ბოთლი ვაწარმოოთ. დღევანდელი მონაცემებით, ბოლნისის ღვინის ყოველწლიური ნაწარმი 200,000 ბოთლს შეადგენს, რაც საქართველოს, ევროპის, აშშ-ს, ავსტრალიის და ჩინეთის ბაზარზეა წარმოდგენილი. გააზრებული გვაქვს, რომ სასურველი ზრდისთვის აუცილებელია, ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობა გაძლიერდეს და მოხარული ვარ, რომ „კარდანოს ფონდის“ მიკვლევადობის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნის მიღწევაში გვეხმარება“.

ნათან ანდერსონი, კომპანია „სკანტრასტის“ აღმასრულებელი ოფიცერი: „ჩვენი გუნდი მოხარულია, რომ კარდანოს ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ამ შესანიშნავ პროექტზე მუშაობის საშუალება მიეცა, რადგან ჩვენს ორიგანიზაციებს საერთო ღირებულებები აკავშირებთ: ნდობა და ერთობა. „სკანტრასტის“ უსაფრთხოების კოდის პროდუქციის ეტიკეტზე დატანით, მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას გაყალბებისგან დაიცავენ და მომხმარებელს მისი წარმომავლობის და მიწოდების ჯაჭვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სანდო ტექნოლოგიით მიაწვდიან.

ტექნოლოგიის დამატებითი ღირებულება მაღალი სიჩქარე და დაბალი ფასია, რაც ცხადყოფს, რომ მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობა საჯაროდ დამოწმებადი მონაცემებით მასშტაბურად შეიძლება განხორციელდეს. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ამ მომავლის პორექტში პარტნიორობას საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო გვიწევს!“

ლევან მეხუზლა, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: „ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმსახურებენ, დააგემოვნონ სადღესასწაულო და განსაკუთრებული სასმელი - ქართული ღვინო, რომელსაც 8000-ზე მეტწლიანი ისტორია აქვს. „კარდანოს ფონდის“, „სკანტრასტის“ და „ღვინო ბოლნისის“ თანამშრომლობა გამორჩეული ღვინის მოყვარულებს ქართული ღვინის უნაკლო წარმომავლობის შესახებ უამბობს.“

ფრედერიკ გრეგაარდი, „კარდანოს ფონდის“ აღამსრულებელი ოფიცერი: „კარდანოს ფონდი უსაფრთხო, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე ფოკუსირდება, რაც დადებით გავლენას ახდენს მდგრად განვითარებაზე. ჩვენი თანამშრომლობა „სკანტრასტთან“, ბოლნისის მეღვინეთა ასოციაციასთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ბლოკჩეინის პრაქტიკული გამოყენების შესანიშნავი მაგალითია. მოუთმენლად ველით მომავალ წლებში ქართულ ღვინის ინდუსტრიასთან მუშაობას, რათა დავამტკიცოთ, როგორ შეუძლია „კარდანოს“ ბლოკჩეინს ტრადიციული ბიზნესის გაუმჯობესება.“

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: cardanofoundation.org.

„კარდანოს ფონდის“ შესახებ

კარდანოს ფონდი დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მეურვეობას უწევს საჯარო, უნებართვო ბლოკჩეინის პლატფორმა „კარდანოს“ განვითარებას. ფონდის მისიაა, „კარდანოს“ ბლოკჩეინი მომავალი თაობებისთვის ფინანსური და სოციალური ოპერაციული სისტემა გახდეს. ფონდი მიზნად ისახავს მარეგულირებლებისა და ორგანიზაციების დეცენტრალიზაციის რისკების მოხსნას, ამასთანავე, „კარდანოს“ ეკოსისტემის წევრებს აძლევს საჭირო ინსტრუმენტებს და წვდომას „კარდანოს“ პროტოკოლის ბერკეტებზე, რათა ის რეალურ სამყაროში, რეალური პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენონ.