საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, საქართველოში უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოება წლის ბოლომდე დაიწყება.

როგორც მან “ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განმარტა, დრონების მწარმოებელ პოლონურ კომპანიასთან ყველა ფორმალური პროცესი უკვე დასრულებულია.

“ყველა ფორმალური პროცესი პოლონურ კომპანიასთან დასრულებულია. ამ კომპანიის ნაწარმი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და არის ძალიან გამართლებული კერძო საწარმო. დავაფუძნეთ კერძო საწარმო კომპანია “დელტასთან” ერთად და წლის ბოლომდე დავიწყებთ წარმოებას”, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 9 ივნისს, პარლამენტის მინისტრის საათის ფორმატში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შექმნილია ერთობლივი საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. აღნიშნული ქართულ-პოლონური საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, რომელიც თავდაცვის ძალებს მომსახურებას გაუწევს.