ოპოზიციის და კულტურის სფეროს ექსპერტების ნაწილი გელათის ტაძრის მდგომარეობის შესახებ იმ ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა დადეს

ოპოზიციის და კულტურის სფეროს ექსპერტების ნაწილი გელათის რესტავრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის, ასევე მისი მდგომარეობის შესახებ იმ ანგარიშების გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც უცხოელმა ექსპერტებმა დადეს. ამასთან, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ გელათის საკითხზე კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტში ანგარიშით უნდა მივიდეს და წარუდგინოს დეპუტატებს ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოებისა და გელათის მდგომარეობის შესახებ დადებული დასკვნების თაობაზე.

გელათის თემაზე სასაუბროდ დღეს ოპოზიციის ნაწილი კულტურის სფეროს ექსპერტებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიიღეს ინფორმაცია, თუ რა წუხილები აქვთ დარგის ექსპერტებს და პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ გელათის რესტავრაცია გასამხედროებულ- გასაიდუმლოებული წესით მიმდინარეობს.

"მთავარი საწუხარი არის ის, რომ გელათის რესტავრაცია მიმდინარეობს პრაქტიკულად შეიძლება ითქვას გასამხედროებულ-გასაიდუმლოებული წესით და არაფერი გამჭვირვალე ამ პროცესში არ არის. მინისტრი არანაირ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, არ პასუხობს დეპუტატების კითხვას, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, ფინანსური ნაწილის არის პრაქტიკულად გასაიდუმლოებული. მნიშვნელოვანია გელათის თემა ხელისუფლებამ ვერ მიაჩუმათოს და იყოს დღის წესრიგში.

მინისტრი უნდა მოვიდეს პარლამენტში კონკრეტულად გელათთან დაკავშირებით ანგარიშით, უნდა მოიტანოს ანგარიშები, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტებს აქვთ მომზადებული, მათ შორის, საპატრიარქოს თხოვნით საერთაშორისო ექსპერტების მომზადებული კრიტიკული დასკვნა უნდა მოიტანოს და დადოს საჯაროდ, მისი ვალდებულებაა წარმოადგინოს ანგარიში,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილის თქმით, პროცესები როგორც გარედან ჩანს, სწორად მართული არ არის.

"მთავარი მოთხოვნაა გასაჯაროვდეს დოკუმენტაცია, მათ შორის საპატრიარქოს თხოვნით უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა და პროცესი გახდეს ღია. სტრატეგია თუ რის მიხედვით ხდება რესტავრაცია, ან რასაც რესტავრაციას უწოდებენ, უნდა იყოს ღია,"- განაცხადა ნუცა ციციშვილმა.