ძარცვის ფაქტებმა აშშ-ის საცალო ვაჭრობას 94,5 მლრდ დოლარი დააკარგვინა

ძარცვის ფაქტებმა და სხვა კანონდარღვევამ აშშ-ის საცალო ვაჭრობას გასულ წელს 94,5 მლრდ დოლარი დააკარგვინა, რაც, 2020 წლის 90,8 მლრდ დოლართან შედარებით, 4%-ით მეტია. ამის შესახებ საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (National Retail Federation-NRF) ანგარიშში წერია, რასაც სააგენტო „ფინმარკეტი“ ავრცელებს.

ამასთან, NRF აღნიშნავს, რომ ორგანიზებული საცალო დანაშაული მოვაჭრეებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება. ფედერაციის კვლევისა და ანალიზის ვიცე-პრეზიდენტ მარკ მეთიუსის შეფასებით, „ზარალის ფაქტორები ბოლო წლებში გაიზარდა და ორგანიზებული დანაშაული ინდუსტრიისთვის მზარდ საფრთხედ იქცა.“

„ამ სულ უფრო საშიში და აგრესიული კრიმინალური აქტივობის წინააღმდეგ საცალო მოვაჭრეები უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ,“ - აცხადებს მარკ მეთიუსი.

გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 87.3%-მა, ვინც NRF-ის გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ პანდემიამ მათი კომპანიისთვის უსაფრთხოების რისკები გაზარდა. 2021 წელს საცალო ვაჭრობის კომპანიების საშუალო ზარალმა მთლიანი გაყიდვების 1,44% შეადგინა. ეს ბოლო ორი წლის მაჩენებელზე ოდნავ დაბალია, მაგრამ ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს, 1.5%-ს უტოლდება.

შარშან ორგანიზებული საცალო დანაშაულით ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქების ხუთეულში - ლოს-ანჯელესი, სან-ფრანცისკო, ნიუ იორკი, ჰიუსტონი და მაიამი შედიოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ