ალეკო ელისაშვილი - 20 მილიონი ლარი 7 მილიონი დოლარია, რა უნდა ვიყიდოთ, 1 თოფი თუ ჯაყვა-დანა?

20 მილიონი ლარი არის 7 მილიონი დოლარი, რა უნდა ვიყიდოთ, ერთი ცალი თოფი უნდა ვიყიდოთ თუ ჯაყვა-დანა 7 მილიონ დოლარად? უხერხულია, ან გვითხარით, ვინმე თუ ისეთი იცავს ამ ქვეყანას, რაღაც განსაკუთრებული წმინდანი ან განსაკუთრებული მადლი, საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა ის დაფინანსებები, რომელიც ბიუჯეტის ფარგლებში ეზრდებათ სხვადასხვა უწყებას, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს.

გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 80 მილიონი ლარით, აქედან შეიარაღებაზე 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის ბიუჯეტი გაორმაგებული მაინც უნდა შემოვიდეს, ხოლო წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.

„სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აღმაშფოთებელია პრიორიტეტების ასე დალაგება. სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილია 150 მილიონი ლარი და 80 მილიონი თავდაცვაზე, განცდა მაქვს, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხვდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო. ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყანა ბრძოლაში არის ჩაბმული. ორი მეზობელი ერთმანეთს ესვრის, რუსეთი უკრაინაში იბრძვის, თურქეთი სირიაში და ა.შ.

20 მილიონი ლარი არის 7 მილიონი დოლარი, რა უნდა ვიყიდოთ, ერთი ცალი თოფი უნდა ვიყიდოთ, თუ ჯაყვა-დანა 7 მილიონ დოლარად? უბრალოდ უხერხულია ან გვითხარით, ვინმე თუ ისეთი იცავს ამ ქვეყანას, რაღაც განსაკუთრებული წმინდანი ან განსაკუთრებული მადლი, საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ და ვიფიქროთ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. თუ ქვეყანა და სახელმწიფო ვართ პრიორიტეტები სწორად დავალაგოთ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობას სჭირდება დაფინანსება, მაგრამ ამ რეალობაში, ჩვენგან რამდენიმე კილომეტრში ჩვენი ორი მეზობელი რომ ერთმანეთს საარტილერიო ცეცხლს უხსნის, 7 მილიონი დოლარის იარაღი უნდა ვიყიდოთ. სამოქალაქოაო თავდაცვის ინფრასტრუქტურა უბრალოდ რომ არ არსებობს, თუ გნებავთ განახებთ დოკუმენტს რაც შსს-დან მივიღე, არანაირი სამოქალაქო თავშესაფარი არ არსებობს. აბსოლუტურად მოშლილია თავდაცვის სისტემა, მარტო ჯარი გვყავს და რის იმედად ვართ და არხეინად ვართ? ამას არანაირად არ დავუჭერ მხარს. ჩემი აზრით, სულ მცირე, გაორმაგებული მაინც უნდა შემოვიდეს თავდაცვის ბიუჯეტი“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა თავდაცვის ბიუჯეტისა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზე, რომ გაზრდილია შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 70 მილიონი ლარით. ამ ნაწილში გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 50 მილიონი ლარი სამაშველო ვერტმფრენების შესაძენადაა გამოყოფილი. ალეკო ელისაშვილმა უკმაყოფილება ამ ნაწილშიც გამოთქვა.

„ასევე შვეულმფრენებთან დაკავშირებით. ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი არ გვჭირდება? თუ სულ თურქეთს უნდა ვეხვეწოთ, რომ ცეცხლი ჩაგვიქროს ვიდრე არ გადაიბუგება ხოლმე ნახევარი ტყე. ბარემ სამაშველოსთან ერთად ჩავსვათ ცეცხლის ჩამქრობი შვეულმფრენი, ეს არ გვჭირდება? გულახდილად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ჩემთვის გამაოგნებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.