ბრაზილიაში ყავის მარაგები ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება

ბრაზილიაში, რომელიც ყავის უმსხვილესი მომწოდებელია გლობალურ ბაზარზე - ყავის მარცვლების მარაგები გაზაფხულისთვის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ბრაზილიის ყავის ნაციონალური ასოციაციის ხელმძღვანელზე სალასა ბრაზილიერუზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი შეფასებით, მარტისთვის ქვეყანაში ყავის მარცვლის მარაგები შეიძლება შემცირდეს 7 მილიონ ტომრამდე (60-კილოგრამიანი ტომარა), მაშინ როცა ქვეყნისთვის მეტად კომფორტული იქნებოდა 9-12 მლნ ტომარა.

მარაგების ასეთ მინიმუმამდე შემცირების შემთხვევაში, მომავალ წელს კარგი მოსავლის პირობებშიც კი, ბრაზილია ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. „ჩვენ უბრალოდ ძალიან გვჭირდება წვიმები“ - აცხადებს ყავის ექსპორტიორთა სამმართველოს Cecafe-ს წარმომადგენელი ნელსონ კარველაიში.

ამასთან, მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია: კვლევითი ცენტრის hEDGEpoint Global Markets-ის მონაცემებით, წელს ყავის მარცვლებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 1,5-2 პროცენტით გაიზრდება. მოთხოვნასთან ერთად იზრდება ასევე ფასებიც. სააგენტო აღნიშნავს, რომ არაბიკას ფიუჩერსების ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე წლიურ გამოხატულებაში 11%-ით არის გაზრდილი. ისინი ზრდის ტენდენციას მომავალშიც მოელიან.

სააგენტოს ცნობით, სიტუაცია ნეკლებსავარაუდოა, რომ გამოსწორდეს. ის აღნიშნავს, რომ გვალვა ბრაზილიაში მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, ხოლო კოლუმბიაში, რომელიც რიგით მეორე უმსხვილესი ყავის ექსპორტიორია, პირიქით, ზედმეტ წვიმებს მოელიან. არასახარბიელო ამინდი პლანტაციებს ხელს უშლის ასევე გვატემალაში, ჰონდურასსა და ნიკარაგუაში.

კოკა კვირკველია