გერმანულმა კომპანიებმა  Nord Stream 1-ით გაზის სიმძლავრეები დაჯავშნეს

გერმანულმა კომპანიებმა მილსადენ Nord Stream 1-ით რუსული გაზის მისაღებად მოკლევადიანი სიმძლავრეები დაჯავშნეს. ეს ხდება პირველად მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა“ სამი კვირის წინ მილსადენი გადაკეტა.

Reuters-ის ცნობით, მყიდველებმა Nord Stream 1-ით 3,652,554 კვტ/სთ გაზის შეძენაზე განაცხადები (ნიმინაციები) 19 სექტემბერს, ცენტრალური ევროპის დროით (CET) 8:00-9:00 სთ-ის შუალედში წარადგინეს, რაც აღმოსავლეთ გერმანიაში გაზსადენ OPAL-ს უნდა მიეწოდოს. განაცხადები OPAL-ის ვებგვერდზე აისახა. ამავე პერიოდში გამოჩნდა 14,291,845 კვტ/სთ გაზის შესყიდვის ნომინაცია კიდევ ერთ გერმანულ გაზსადენ NEL-ისთვის, რაც, ასევე, აღნიშნული კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Reuters-ისთვის უცნობია, თუ რატომ წარადგინეს მყიდველებმა სიმძლავრეზე განაცხადები, როცა რუსეთი არაფერს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის მიწოდება უახლოეს მომავალში განახლდება. მილსადენის ოპერატორმა კომპანია Nord Stream AG-მა Reuters-ს განუცხადა, რომ მილსადენ Nord Stream 1-ით გაზის მიწოდებაზე წარდგენილი განაცხადების ან მოთხოვნების დადასტურება არ შეუძლია.

გერმანული მილსადენებით, რომლებიც Nord Stream 1-ს საბოლოო მომხმარებლებამდე აკავშირებს, გაზის ტრანსპორტირების ნომინაციები ორშაბათს დილით ადრე გაჩნდა. თუმცა გერმანული მილსადენის ოპერატორი კომპანია Gascade-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს „რენომინაციები,“ ანუ ნულოვანი მნიშვნელობის ხელახალი განაცხადებია, რაც ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ Nord Stream 1-ით გაზის მიწოდება შეწყვეტილია. აღსანიშნავია, რომ ნომინაციები მხოლოდ Nord Stream 1-თან დამაკავშირებელ გერმანული მილსადენების ვებგვერდზე იყო ასახული, ხოლო თავად Nord Stream 1-ის ოპერატორი კომპანიის ვებგვერდზე განაცხადები არ ჩანს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთი უკრაინის კონფლიქტამდე ევროკავშირს გაზის, დაახლოებით, 40%-ს აწვდიდა, ხოლო აგვისტოს ბოლოს მილსადენი იმ არგუმენტით გადაკეტა, რომ ოპერაციებს დასავლეთის სანქციები აფერხებდა. ამის საპასუხოდ ევროპელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ საბაბი და მოსკოვს ენერგიის გავლენის ბერკეტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.

Reuters წერს, რომ Nord Stream 1-ის გადაკეტვამ ევროპაში გაზის მიწოდების კრიზისი გაამწვავა, ენერგორესურსების ფასები გაიზარდა, ხოლო გერმანელი იმპორტიორები შესაძლო ნორმირებას განიხილავენ. Nord Stream 1 არის ყველაზე დიდი რუსული გაზსადენი ევროპაში, რომელიც წელიწადში 59,2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ატარებს. ამ თვის დასაწყისში „გაზპრომის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ვიტალი მარკელოვმა Reuters-ს განუცხადა, რომ Nord Stream 1 არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე Siemens Energy გაუმართავ მოწყობილობას არ შეაკეთებს. მაშინ Siemens Energy აცხადებდა, რომ „გაზპრომის“ მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაცია კომპანიისთვის გაუგებარი იყო.

„ჩვენთვის მოწოდებული დასკვნა მიწოდების ოპერაციის შესაწყვეტად ტექნიკურ მიზეზს არ წარმოადგენს,“ - აცხადებდნენ Siemens-ში.

წლის დასაწყისიდან რუსეთის მიწოდების შემცირების გამო ევროპაში გაზის ფასი გაორმაგდა. თუმცა წინა პარასკევს პუტინმა ევროპის ენერგეტიკულ კრიზისთან რუსეთის რაიმე კავშირი უარყო და განაცხადა, რომ თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, მილსადენ Nord Stream 2-ის გახსნაზე სანქციები უნდა გააუქმოს.

Nord Stream 2, რომელიც, თითქმის, Nord Stream 1-ის პარალელურად გადის, ერთი წლის წინ აშენდა, მაგრამ გერმანიამ უკრაინის ომამდე რამდენიმე დღით ადრე მის გახსნაზე უარი განაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ