„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” წყალტუბოს გგს-ში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს. ამასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 21 სექტემბრის 02:00-07:00 საათებში შესაძლოა აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების პროცესი შეფერხდეს. აღნიშნულ პერიოდში, ბუნებრივი გაზის მიწოდება, შესაძლოა, შეეზღუდოს ქალაქ წყალტუბოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი გაზის მიწოდების გათიშვის შემთხვევაში, გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.