Fitch Ratings-მა "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" რეიტინგის პროგნოზი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" არსებული რეიტინგი დაადასტურა და სტაბილური პროგნოზი (stable outlook) პოზიტიურით (positive outlook) შეცვალა.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას" სახელმწიფოსთან გათანაბრებული რეიტინგი აქვს, რაც ქართული კომპანიებისთვის მაქსიმალურად შესაძლებელი რეიტინგია. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის მაისში კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციები 6.875%-იანი საპროცენტო განაკვეთით", - აცხადებენ "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში".

მათივე შეფასებით, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია კორპორაციის დადებითი იმიჯისთვის, მისი პოზიტიური ისტორიის შესაქმნელად, რაც მომავალში საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე რესურსების მოზიდვას არა მხოლოდ ნავთობისა და გაზის კორპორაციას, არამედ სხვა ქართულ კომპანიებსაც გაუადვილებს.