ინფლაციამ მცენარეულ ხორცზე მსოფლიო ბუმი გაანეიტრალა

ინფლაციამ მცენარეული ხორცის გაყიდვების ბუმი, რომელიც წინა ორი წლის განმავლობაში შეინიშნებოდა, თითქმის, შეაჩერა. კვლევითი კომპანია Kantar-ის მონაცემებს Financial Times ავრცელებს.

ექსპერტების თქმით, ახლა ასეთი ხორცი ჩვეულებრივზე ორჯერ ძვირია. მაგალითად, თუკი დიდ ბრიტანეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში მცენარეული ხორცის გაყიდვები იზრდებოდა, რამაც 2020 წელს 14%-ით, ხოლო 2021 წელს 40%-ით მოიმატა, მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში გაყიდვები მხოლოდ 2.5%-ით გაიზარდა. აშშ-ში სირთულეები გასულ წელს დაიწყო, როცა გაყიდვები 0,5%-ით დაეცა, მაშინ, როცა 2020 წელს გაყიდვები 46%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე გაყიდვები 0,4%-ით შემცირდა.

სექტორის ანალიტიკოსების თქმით, მომხმარებელთა მოთხოვნა მცენარეულ ხორცზე განსაკუთრებით დაუცველია ინფლაციის მიმართ, რადგან ის ჩვეულებრივ ხორცზე უფრო ძვირია. აშშ-ში Beyond Meat-ის მიერ წარმოებული 1 კგ მცენარეული ხორცი ივნისში 18,4 დოლარი, ხოლო ჩვეულებრივი ხორცი 10,8 დოლარი ღირდა.

Spins-ის უფროსი მენეჯერის, ჯეფ კრამპტონის თქმით, ფლექსიტარიანები, ანუ ადამიანები, რომლებიც მცენარეულ დიეტას მიჰყვებიან, თუმცა მთლიანად არ გამორიცხავენ ხორცს რაციონიდან, ამჟამად ორჯერ ძვირ მცენარეულ ხორცს აღარ ყიდულობენ. ამასთან, პროდუქტის მიმართ პირველადი სამომხმარებლო ეიფორია დასრულდა. კანადური ხორცის ჯგუფის, Maple Leaf Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ მაკკეინმა აღიარა, რომ იმედები მომხმარებელთა ქცევის რადიკალურ ცვლილებაზე არ გამართლდა. შედეგად კომპანიამ აგვისტოში მცენარეული საკვების ბიზნესი 25%-ით შეამცირა, რითიც რეკლამისა და განვითარების ხარჯები დაზოგა.

Beyond Meat-ის აქციები, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის, ათჯერ დაეცა. კომპანიამ აგვისტოში გამოაცხადა, რომ თავისი 1400-კაციანი პერსონალის 4%-ს, ასევე, კაპიტალური ხარჯების პროგნოზს 2021 წლის 136 მლნ დოლარიდან 80 მლნ დოლარამდე შეამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ