კიევში McDonald's სამი რესტორანი იხსნება

ხვალიდან კიევში McDonald's ქსელის პირველი სამი რესტორანი გაიხსნება. თავდაპირველად ობიექტები მომხმარებლებს მხოლოდ დელივერ (მიწოდების) სერვისით მოემსახურებიან, ხოლო სრულფასოვნად ოქტომბერში ამუშავდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია McDonald's-უკრაინის Facebook გვერდზე ვრცელდება.

კიევსა და დასავლეთ უკრაინაში McDonald's რესტორნების გახსნა ეტაპობრივად, ორი თვის განმავლობაში მოხდება. მაგალითად, დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ კიევში კიდევ შვიდი რესტორანი განაახლებს მუშაობას, შემდეგ კი დედაქალაქსა და ქვეყნის დასავლეთის სხვადასხვა ქალაქში სხვა რესტორნებიც გაიხსნება.

კომპანია წერს, რომ McDonald's-ის ობიექტების ნაწილის გახსნაზე გადაწყვეტილება უკრაინის ოფიციალურ პირებთან, უსაფრთხოების სპეციალისტებთან და მომწოდებლებთან კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული. განცხადებაში განსაკუთრებით არის დაზუსტებული, რომ საჰაერო თავდასხმის დროს რესტორნები დაიხურება.

უკრაინაში რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ქსელმა ქვეყანაში ყველა რესტორანი დახურა. მაისში ამერიკულმა კორპორაციამ თავისი რუსული ბიზნესი გაყიდა და რუსეთის ბაზარი მთლიანად დატოვა. მას შემდეგ ფედერაციაში ქსელის რესტორნები რუსული ანალოგით, „ვკუსნო ი ტოჩკა“-ს ბრენდით ფუნქციონირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ