ყველაზე მეტი ბოლო 13 წელიწადში - საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა

2022 წლის აგვისტოში საქართველოში ყურძნის იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მხოლოდ ერთ თვეში ქვეყანამ 104,6 ათასი დოლარის ღირებულების 112 ტონა ახალი ყურძენი იყიდა. ეს კი პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის 2,5-ჯერ აღემატება. 2019 წლის აგვისტოში ქვეყანამ 41,58 ათასი დოლარის 48.6 ტონა ყურძენი იყიდა.

გარდა 2019 წლისა, წელს აგვისტოში ყურძნის იმპორტმა 13-წლიანი რეკორდიც მოხსნა. ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები, თუ რა მოცულობის ყურძენი იყიდა საქართველომ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალზე 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი. 2009 წლის აგვისტოში ქვეყანამ 7,06 ათასი დოლარის ღირებულების 4,5 ტონა ყურძენი იყიდა.

საქსტატის მონაცემებით, მთლიანად 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 1,086 მლნ დოლარის ღირებულების 1 171 ტონა ყურძნის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2022 წლის აგვისტოში საქართველომ ყურძენი მსოფლის სამ ქვეყანაში იყიდა:

  • თურქეთი - 89,9 ათასი დოლარი (99,78 ტონა)
  • სომხეთი - 10,2 ათასი დოლარი (11,51 ტონა)
  • ნიდერლანდები - 4,47 ათასი დოლარი (1,48 ტონა)

როგორც EastFruit-ის ანალიტიკოსები წერენ, უცხოურ სუფრის ყურძენზე არსებული მაღალი მოთხოვნა ორი ფაქტორით არის განპირობებული. ამ სეზონზე სუფრის ყურძნის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებება დაბალი იყო, რამაც, რა თქმა უნდა, იმპორტის სტიმულირება მოახდინა. კიდევ ერთი მიზეზი არის დინამიურად მზარდი მოთხოვნა საცალო მაღაზიების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ აგვისტო არ არის სუფრის ყურძნით საგარეო ვაჭრობის ძირითადი თვე. საქართველოში სუფრის ყურძნის იმპორტის პიკური პერიოდი წლის მეოთხე კვარტალზე მოდის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს თვეებში ქვეყანაში ყურძნის იმპორტმა მორიგი რეკორდი მოხსნას.