მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

უწყების ცნობით, მუნიციპალური განვითრების ფონდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩში, 60 მოსწავლეზე გათვლილ, საჯარო სკოლას აშენებს. სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება მორგებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე.

როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროში განმარტავენ, სოფელ ჩანახჩის სკოლის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. სამშენებლო კომპანიას შესრულებული აქვს ჩასატარებელი სამუშაოების მხოლოდ 48%. ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტორ კომპანიას არაერთხელ მიეცა როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი გაფრთხილება. თუმცა, კომპანიამ ვერ შეძლო სამშენებლო პროგრესის გამოსწორება. სამუშაოების დასრულების მიზნით, გამოცხადდა ახალი ტენდერი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე:

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4851