აშშ-ის ხაზინის მუქარის შემდეგ თურქულმა ბანკებმა „Мир“ ბარათების მომსახურება შეწყვიტეს

მსხვილმა თურქულმა ბანკებმა, Is Bankasi-მ და DenizBank-მა რუსული „Мир“ ბარათების მომსახურება შეწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკებმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურეს.

სააგენტოს თანამოსაუბრე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სანქციებთან დაკავშირებით იქნა მიღებული. თავის მხრივ, DenizBank-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურმა განმარტა, რომ „Мир“-ის ბარათები მათ ბანკომატებში არ მიიღება და მათზე ოპერაციები არ ხორციელდება.

გასული კვირის ბოლოს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დასჯით დაემუქრა რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობისთვის, რომელიც რუსული გადახდის სისტემა „Мир“-ის ოპერატორია. ამის შესახებ ხაზინამ განცხადება თავის ვებგვერდზე 15 სექტემბერს გაავრცელა.

„ის არაამერიკული ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემასთან ახალ ან გაფართოებულ შეთანხმებებს დებენ, აშშ-ის სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთის მხარდაჭერით რისკავენ. ასეთი რისკები რუსეთის ტერიტორიის გარეთ სისტემა „Мир“-ის გაფართოებული გამოყენების გამო წარმოიქმნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის ხაზინის სასანქციე დეპარტამენტმა (OFAC) მოიპოვა უფლება, დააწესოს დაბლოკვის სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებდნენ ან ფინანსურ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ეწეოდნენ, აწვდიდნენ საქონელს ან უწევდნენ მომსახურებას „სანქციებს დაქვემდებარებული საქმიანობის მხარდასაჭერად.“ ეს ზომა, ასევე, რუსეთის ფარგლებს გარეთ „Мир“-ის სისტემის გაფართოების მცდელობებს შეეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ