Reuters: ევროკავშირი პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განახლებას გეგმავს

ევროკავშირი აპირებს, განაახლოს მისი ვალდებულებები სასათბურე გაზების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც აღებული აქვს პარიზის შეთანხმებით. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დოკუმენტის შავ ვარიანტზე დაყრდნობით წერს.

მასში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მზადაა დროულად განაახლოს NDC ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს Fit for 55 გეგმით, რომელიც ევროკომისიამ 2021 წლის 14 ივლისს დაამტკიცა და რომლის თანახმად ევროკავშირი 2050 წლისთვის ემისიების სრულ ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

ამასთან, დოკუმენტის შავ ვარიანტში წერია, რომ დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში შეიძლება ცვლილებები შევიდეს მანამ, სანამ მას 27 ოქტომბერს მიიღებს ევროკომისია. ევროკავშირის 27 ქვეყანა აპირებს პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნები ზედმიწევნით შეასრულოს, რათა მინიმუმამდე შეამციროს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დამანგრეველი შედეგები. სააგენტო ვარაუდობს, რომ ბრიუსელი აღნიშნულ გეგმას წლის ბოლომდე ვერ დაამტკიცებს.

კოკა კვირკველია