ფქვილი 10 ლარით უკვე გაიაფდა - აისახა თუ არა ფასის კლება პურზე

,,დიდი წისქვილების ნაწილმა მცირე სიმძლავრეებით უკვე განაახლეს სამუშაო პროცესი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა.

ხორბალსა და ფქვილზე ფასის შემცირება საქართველოსთვის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ახალმა ჭარბმა მოსავალმა და ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემცირებამ განაპირობა.

„საბაზრო ფასი ხორბალზე დაწეულია, შესაბამისად, ფასი იკლებს ჩვენთვისაც და განახლდა იმპორტიც. დიდი წისქვილების ნაწილმა მცირე მოცულობებით უკვე განაახლეს სამუშაო პროცესი. ყველაფერი ერთად აისახა ბაზარზე და ერთი ტომარა ფქვილის ფასი დღეს უკვე 74-75 ლარის ფარგლებში მერყეობს. გასული ბოლო თვეების მაჩვენებელს რომ შევადაროთ, 10-ლარიანი კლებაა.

ამასთან, ფასი დაკლებულია იმპორტირებულ ფქვილზეც. რამდენად დაკონვერტირდება ეს პურის ფასზე, მეპურეებმა უნდა თქვან. ,,ბარაქა“ მხოლოდ დასავლეთ საქართველოში აწარმოებს პურს და იქ 10 თეთრით ფასი უკვე შემცირებულია. როცა პურის ფასზეა საუბარი, მთავარი ინტერესის სფერო თბილისია და არ ვიცი, აქ რამდენად მოჰყვა ასახვა“, - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი