"ჩინეთსა და საქართველოს შორის ისტორიული შეთანხმება გაფორმდა"

"ამ უზარმაზარ ქვეყანაში თავისუფალი ნიშები რომ მოვძებნოთ, ჩვენთვის უზარმაზარი საბაზრო პოტენციალი იქნება"

პეკინში გუშინ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნულ დოკუმენტს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა გაო ჰუჩენგმა მოაწერეს ხელი. ღონისძიების დასრულების შემდეგ აღნიშნულ შეთანხმებას გიორგი კვირიკაშვილმა ისტორიული უწოდა, ვინაიდან იგი გზას უხსნის თვისობრივად ახალი ტიპის თანამშრომლობას საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ორმხრივი ვაჭრობის ოპტიმიზაცია, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში კოოპერაციის ხელშეწყობა, საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერება და სხვ.

რას გულისხმობს კონკრეტულად აღნიშნული შეთანხმება, რა სარგებლობას მოუტანს საქართველოს, ასევე რა შეხვედრები შედგა და რა დოკუმენტები გაფორმდა ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და მისი პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს - აღნიშნულ საკითხებზე ბპნ.გე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მიხეილ ჯანელიძეს ესაუბრა.

მიხეილ ჯანელიძე: "აბრეშუმის დიდი გზა ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზაა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებთან ისტორიულად აკავშირებდა. საქართველო კი აბრეშუმის დიდი გზის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც თავისთავად ადასტურებს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებს საფუძველი ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ჩაეყარა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებას ვაჭრობის, ინვესტიციების, ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროებში, ასევე თანამშრომლობის დონის ამაღლებას ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოდერნიზების მიმართულებით. შეთანხმება, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის მიზნის განხორციელებას, რაც გულისხმობს საქართველოს რეგიონალურ სავაჭრო და სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბებას. მთავრობებს შორის ურთიერთობების გაღრმავების გარდა, შეთანხმება ასევე წაახალისებს ორივე ქვეყნის კერძო სექტორს შორის, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ჩათვლით, თანამშრომლობის გაძლიერებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. მისი განხორციელება გაამარტივებს ტვირთების გადაადგილებას ორ ქვეყანას შორის, გააღრმავებს სავაჭრო კავშირებს, ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

- ამასთან, პეკინში ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობის შესწავლას მომდევნო თვეების განმავლობაში. როდის დაიწყება აღნიშნული კვლევა, რა შედეგის მომტანია და რამდენად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე ექსპორტს?

ჩინეთი წლების განმავლობაში წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს. 2014 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ჩინეთი მე-4 ადგილს იკავებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის, ხოლო 2014 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, ჩინეთი განხორციელებული ინვესტიციებით პირველ ადგილს იკავებს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში. ჩინეთი ქართული საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, ღვინისა და სხვა უალკოჰოლო და სპირტიანი სასმელების სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ქართული ღვინის ექსპორტირება უკვე ხდება ჩინურ ბაზარზე და ქართული კომპანიები აქტიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ჩინელ მომხმარებელს გააცნონ ქართული ღვინის უნიკალურობა და ადგილი დაიმკვიდრონ ამ უმსხვილეს ბაზარზე. აღნიშნული ციფრები ნათლად ადასტურებს, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობას და შესაბამისად, ამ ურთიერთობების განვითარება ორი ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, მხარეთა მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაიწყოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევის განხორციელება. აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს და მისი გაცილებით მაღალ საფეხურზე აყვანას.

- გარდა ამ შეთანხმებებისა, კიდევ რა შეხვედრები გაიმართა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფაგრლებში?

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაცია პირველი იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებიდან, რომელმაც ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. ასევე, გაიმართა შეხვედრები ჩინეთის ვაჭრობის მინისტრ გაო ჰუჩენგთან და ჩინეთის ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარე ლი ჯინ ტაოსთან, რომელთა ძირითადი მიზანი იყო საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გაცნობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების განხილვა. გარდა ამისა, გაიმართა საინტერესო შეხვედრები ჩინეთის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან".

ჩინეთში ქართული დელეგაციეს ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს თსუ-ს პროფესორი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი ღაღანიძეც.

"ჩინეთი მსოფლიო ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, რომელსაც უზარმაზარი მთლიანი შიდა პროდუქტი აქვს. მას მსოფლიო ქარხანას უწოდებენ. ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აწყობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ დაგვავიწყდეს, რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში თავისუფალი ნიშები რომ მოვძებნოთ, ჩვენთვის უზარმაზარი საბაზრო პოტენციალი იქნება", - აღნიშნავს გიორგი ღაღანიძე.

ნათია რუხაძე