ლევან იოსელიანი - დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პირობად ჩაიდოს, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ, საზღვარგარეთ სამუშაოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა

დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პირობად ჩაიდოს, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ, საზღვარგარეთ სამუშაოდ კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა, - განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ “მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.

ლევან იოსელიანის თქმით, თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს უძრავ ქონებაზე გაორმაგებული ფასები დახვდათ და ფართების გაზიარებაც კი შეუძლებელი ხდება. იოსელიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს.

“იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს მოტივაციას ვაძლევდეთ, მათ ოჯახებს ექმნებათ გაუთავებელი პრობლემა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობები განათლების მისაღებად. ხომ შეიძლებოდა უნივერისტეტსაც ჰქონოდა საბინაო ფონდი და მერე ეს სტუდენტებისთვის მიეცა შეღავათიან ფასად. ხომ შეიძლება სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?! ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით, ეს პროცესი როგორაა ყველამ კარგად ვიცით. იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად, ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს. 6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ მათ ავტორიზაციის პირობად ჩადონ, რომ სტუდენტებს საცხოვრებელი შესთავაზონ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს ელემენტარული განათლება მისცენ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.