ევროკავშირში პური რეკორდულად გაძვირდა

ევროზონის მაღალი ინფლაციის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში პური რეკორდულად გაძვირდა. გაერთიანების სატისტიკის სამსახურის, Eurostat-ის ბოლო მონაცემებს „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

Eurostat პურის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ასახელებს, რამაც გლობალური მიწოდების ტრადიციული ჯაჭვების განადგურება გამოიწვია.

აგვისტოში, ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში პურის საშუალო ფასი 18%-ით მეტი იყო. გასული წლის აგვისტოში პურის ფასის წლიურმა ზრდამ მხოლოდ 3% შეადგინა.

პური არც ისე სწრაფად, მაგრამ ყოველთვიურადაც ძვირდებოდა. ფასის ზრდა 3%-დან 10%-მდე მერყეობდა. პურის ფასის მატებით ყველაზე მეტად უნგრეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და სლოვაკეთი დაზარალდნენ. უნგრეთში პური წლის განმავლობაში 66%-ით, ლიეტუვაში 33%-ით, ხოლო ესტონეთსა და სლოვაკეთში 32-32%-ით გაძვირდა.

ყველაზე ნაკლებად პურის ფასის ზრდა საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში შეინიშნებოდა. საფრანგეთში ერთ წელში პური მხოლოდ 8%-ით, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში კი 10-10%-ით გაძვირდა.

Eurostat-ის აგვისტოს მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსმა ევროზონაში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, რეკორდულ 9,1%-ს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ