Reuters-ის ექსკლუზივი: Pepsi რუსეთში აგვისტოს შუა რიცხვებიდან სასმელს აღარ აწარმოებს

PepsiCo-მ რუსეთში Pepsi-ს, 7UP-ისა და Mountain Dew-ის წარმოება შეწყვიტა. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც Reuters-მა მოსკოვსა და მის ფარგლებს გარეთ ათობით სუპერმარკეტი, საცალო ვაჭრობის ობიექტები და სპორტული დარბაზები მოინახულა, სადაც Pepsi-ს ქილები და ბოთლები რუსეთის ქარხნებში მხოლოდ ივლისისა და აგვისტოს წარმოების თარიღით აღმოაჩინა.

სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, Pepsi-ს წარმოების უახლეს თარიღს 17 აგვისტო წარმოადგენს. Reuters-ს ამერიკულმა კომპანიამ განუცხადა, რომ „რუსეთში PepsiCola-ს, Mirinda-ს, 7Up-ისა და Mountain Dew-ის კონცენტრატების წარმოება შეწყვიტა, რის შედეგადაც ყველა კონცენტრატი ამოიწურა და შესაბამისად, წარმოება რუსეთში დასრულდა.“

Reuters-ის შეფასებით, ეს არის PepsiCo-ს პირველი საჯარო კომენტარი მას შემდეგ, რაც კომპანიამ მარტის დასაწყისში გამოაცხადა, რომ უკრაინის ომის გამო რუსეთში წარმოებას, გაყიდვებსა და სარეკლამო აქტივობებს აჩერებს.

„წარმოების შეწყვეტა შეესაბამება ჩვენს განცხადებას, რომელიც 2022 წლის მარტში გავაკეთეთ,“ - განუცხადეს Reuters-ს კომპანიაში. თუმცა გაყიდვების შესახებ განახლებული ინფორმაციის გამჟღავნებაზე PepsiCo-მ სააგენტოს უარი განუცხადა, რის გამოც დაუზუსტებელია, არის თუ არა რუსეთში კომპანიის პროდუქტების გაყიდვები შეჩერებული.

Reuters-ის ცნობით, გაზიანი სასმელები ჯერ კიდევ ფართოდ არის ხელმისაწვდომი მოსკოვში, ასევე, შორეული აღმოსავლეთის ვლადივოსტოკსა და ციმბირის კრასნოიარსკში. მოსკოვის ერთ-ერთი სპორტული დარბაზის მფლობელმა სააგენტოს განუცხადა, რომ Pepsi ბოლოს აგვისტოს შუა რიცხვებში შეუკვეთა.

2021 წელს რუსეთი PepsiCo-სთვის, შეერთებული შტატებისა და მექსიკის შემდეგ, სიდიდით მესამე ბაზარი იყო. კომპანია რუსეთში 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს და მისი Cola იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე დასავლური პროდუქტიდან, რომელიც საბჭოთა კავშირში მის დაშლამდე იყო დაშვებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ