თანამედროვე სტანდარტის ვენახიდან მევენახეს 100%-იანი მოგების მიღება შეუძლია - ,,შუხმან ვაინს ჯორჯია“

,,მევენახეს თუ კარგად მოვლილი და თანამედროვე სტანდარტის ვენახი აქვს, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სარგებლიანი ბიზნესი" - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,შუხმან ვაინს ჯორჯიას“ დირექტორმა, როლანდ ბურდიაშვილმა განაცხადა.

,,რქაწითელი მინიმუმ 90 თეთრი ღირს, ხარისხიანის ფასი კი 1 ლარს აღწევს. ამაში შედის სახელმწიფოს სუბსიდია 35 თეთრი ერთ კგ-ზე. რაც შეეხება საფერავს, ის დაყოფილია 2 ნაწილად ე,წ, ზონის ყურძნები (ახაშენი, მუკუზანი, ქინძმარაული) ასეთი ტიპის ღირებულება 1.65-დან 1.75 -მდე, არაზონის საფერავი კი 1.50 ღირს.

მევენახეს თუ კარგად მოვლილი და თანამედროვე სტანდარტის ვენახი აქვს, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სარგებლიანი ბიზნესი. ზონის ყურძენზე მაქსიმალური 10 000 კგ-ა. პირობითად, 9 ათასი კილოგრამი რომ მოიყვანოს მევენახემ ჰექტარზე, გამოდის რომ ის, 12-13 ათას ლარს მიიღებს. ანუ 100%-იან მოგებას. ეს იმ შემთხვევაში, თუ ყურძენი ხარისხიანია. ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია და ამას უდიდეს ყურადღებას აქცევს კერძო სექტორი. ყველა ხარისხის მიხედვით იბარებს ყურძენს.დაზიანებულს, ან არაკონდიციურს ქარხნები არ იბარებენ, გარდა მათი, ვისაც სპირტის წარმოება აქვს“, - განაცხადა ბურდიაშვილმა.

თამარ მუკბანიანი