დიდი გაძვირების შემდეგ, საქართველოსთვის ზეთის იმპორტი იაფდება  - რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში როგორც პროდუქტის თვითღირებულება, ასევე ზეთზე საბაჟო გადასახადი მცირდება. შესაბამისად, იკლებს ფასი საექსპორტო პროდუქციაზე.

ცნობისათვის, მზესუმზირის ზეთზე მცურავი ბაჟი რუსეთმა 2021 წლის თებერვალში აამოქმედა და ის პირვანდელი ვერსიით, ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდე უნდა ყოფილიყო. თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ვითარება შეცვალა და სამხედრო აგრესიის გარდა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ეკონომიკასაც უფრო მძაფრად შეეხო. საბაჟო გადასახადის მოქმედების ვადაც გაგრძელდა.

თუმცა, რუსეთის მარცვლეულის მწარმებელთა კავშირი პუტინს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, საექსპორტო გადასახადები მზესუმზირის ზეთსა და ყველა ზეთოვან თესლზე გააუქმოს, სანაცვლოდ კი მათზე საექსპორტო კვოტები შემოიღოს. გაერთიანების წერილი „რია ნოვოსტიმ“ მოიპოვა. მიზეზი, რუსეთში მიღებული ჭარბი მოსავალია, რომლის ექსპორტიც ფერმერებისთვის პრობლემა გახდა.

საქართველოში ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია, შესაბამისად, იქ მოქმედი წესები ჩვენს ბაზარზე გარკვეულ გავლენას ახდენს. შესაბამისად, ფასებზე აისახა როგორც რუსეთში საექსპორტო გადასახადის ზრდა, ასევე შემცირებაც. დიდი გაძვირების შემდეგ კი, საქართველოს ზეთის იმპორტი უკვე გაუიაფდა და დიდი ალბათობით, სამომავლოდ ფასები კიდევ დაიკლებს.

,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ სტატისტიკას, რა ფასად ყიდულობს საქართველო ზეთს 2022 წლის ბოლო თვეების განმავლობაში მთავარი იმპორტიორისგან:

  • მაისი - 3.1 მლნ დოლარი (1 481 ტონა) საშუალო ფასი ტონაზე 2 104 აშშ დოლარი
  • ივნისი - 3.1 მლნ დოლარი (1 503 ტონა) საშუალო ფასი ტონაზე 2 095 აშშ დოლარი
  • ივლისი - 3,2 მლნ დოლარი (1 650 ტონა) საშუალო ფასი ტონაზე 1 956 აშშ დოლარი
  • აგვისტო - 6,2 მლნ აშშ დოლარი (3 454 ტონა) საშუალო ფასი ტონაზე 816 აშშ დოლარი

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ზეთი დაახლოებით 6%-ით გაიაფდა. ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი კომპანიის ,,ოლეინას“ წარმომადგენელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აგვისტოს ბოლოს აცხადებდა, რომ ფასის კიდევ მეტად კლებისა და საბაჟო გადასახადის გაუქმების მოლოდინი ჰქონდა.

თამარ მუკბანიანი