ოთარ შამუგია კახეთში რთველის მიმდინარეობას გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფებოდა, სადაც რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ თითოეულმა მევენახემ სრულად დააბინაოს მიღებული მოსავალი. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას რქაწითელის და კახური მწვანის ყურძენზე. ეს მხარდაჭერა აუცილებელია იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, დიდი რაოდენობის მოსავალი სრულად იქნას დაბინავებული და, მეორე მხრივ, ჩვენ შევინარჩუნოთ მისაღები ფასები. ვფიქრობთ, რომ 300 მლნ ლარამდე შემოსავალს მიიღებს დაახლოებით 25,000 ოჯახი კახეთში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქვე მინდა აღვნიშნო ფასებთან დაკავშირებით, რომ ხარისხიან ყურძენზე არის დიდი მოთხოვნა; რქაწითელის შემთხვევაში, დაფიქსირდა 95 თეთრიდან 1,1 ლარამდე ფასები, ხოლო საფერავის შემთხვევაში, ფასები მერყეობს 1,5 ლარიდან 1,7 ლარამდე“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ოთარ შამუგია სოფელ ბუშეტსა და ოჟიოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ფერმერების ვენახები დაათვალიერა და რთველშიც მიიღო მონაწილეობა.

„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, მევენახე თემურ ქალიაშვილს საკარმიდამო ნაკვეთში რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძენი აქვს გაშენებული. მოსავლის ნაწილს პირადი მოხმარებისთვის წურავს, ხოლო ნაწილს ღვინის საწარმოს აბარებს. როგორც თემურ ქალიაშვილმა აღნიშნა, მოსავლის ნაწილი მან ყოველგვარი შეფერხების გარეშე უკვე ჩააბარა.

სოფელ ოჟიოში, ბექა ნახუცრიშვილს ფერმერს საკუთრებაში 26 ჰა ფართობის ვენახი აქვს და სხვადასხვა დასახელების ღვინოს აწარმოებს. როგორც ბექა ნახუცრიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, თუმცა, მომავალში საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს გეგმავს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.