პეკინმა ჩინეთის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 18,5%-ად შეაფასა

2021 წელს მსოფლიო ეკონომიკაში ჩინეთის წილი 18,5% იყო, მაშინ როცა 2012 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 11,3%-ს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ქვეყნის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე სტატისტიკით, ჩინეთის შენატანი გლობალურ ეკონომიკაში 2013-2021 წლებში 30%-ს აღემატებოდა, რამაც ქვეყანა მსოფლიო ეკონომიკის უმსხვილეს დრაივერად აქცია.

იმ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკის ზრდა საშუალოდ 6,6% იყო, ეს კი აღემატებოდა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპს, რომელიც 2,6% იყო.

2021 წელს ჩინეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა 80 976 იუანს (11 684 დოლარს), ინფლაციის გათვალისწინებით კი ზრდამ 2012 წელთან შედარებით 69,7% შეადგინა.

2021 წელს ჩინეთის მთლიანმა ვაჭრობამ და მომსახურებამ 6,9 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ამ მხრივ ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

კოკა კვირკველია