რუსულ Мир-ს ყაზახური და ვიეტნამური ბანკებიც აღარ მოემსახურებიან

თურქული ბანკების შემდეგ რუსულ გადახდის სისტემა Мир-თან თანამშრომლობას ყაზახური Halyk Bank და ვიეტნამური BIDV-იც წყვეტს. აღნიშნული ბანკების ქოლცენტრებში „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ რუსულ ბარათებს აღარ იღებენ, მაშინ, როცა მანამდე ისინი რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნული სისტემის ვებგვერდზე პარტნიორთა ჩამონათვალში შედიოდნენ.

ვიეტნამურ BIDV-ში აცხადებენ, რომ ბანკი VISA-ს, Mastercard-ის, Western Union-ის, JCB-ის და UnionPay-ის ბარათების მომსახურებას აგრძელებს, ხოლო „Мир“ ამ სიაში არ შედის. ასევე, ყაზახეთის Halyk Bank-ის ქოლცენტრი იტყობინება, რომ რუსულ ბარათებს არც ტერმინალები და არც ბანკომატები არ ემსახურება.

Мир-ის ვებგვერდზე ბარათების გამოყენების გეოგრაფიის განყოფილება 20 სექტემბერს დაიხურა.

უმსხვილესი რუსული ბანკები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს უცხოური ვალუტა ნაღდი ფულის სახით იქონიონ. ანალიტიკური ცენტრი, Finam მოელის, რომ თურქეთთან შემთხვევის შემდეგ ზეწოლა თანდათან სხვა ქვეყნების ბანკებზეც გაიზრდება, სადაც Мир-ის ბარათები ჯერ კიდევ მიიღება. ცენტრის შეფასებით, Мир-ის ბარათების გამოყენების გეოგრაფიის გაფართოებაზე ცენტრალური ბანკის გეგმას დასავლეთის ნაბიჯები მნიშვნელოვნად გაართულებს.

„Мир“-ის ბარათების მომსახურება ამ კვირაში მსხვილმა თურქულმა ბანკებმა, Is Bankasi-მ და DenizBank-მა შეწყვიტეს, სადაც აცხადებენ, რომ მათ ბანკომატებში რუსული ბარათები აღარ მიიღება და მათზე ოპერაციები აღარ განხორციელდება. თურქულმა ბანკებმა ასეთი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის განცხადების შემდეგ მიიღეს, რომელიც უწყებამ თავის ვებგვერდზე 15 სექტემბერს გაავრცელა. ხაზინა უცხოურ ფინანსურ ინსტიტუტებს დასჯით დაემუქრა რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემასთან თანამშრომლობისთვის, რომელიც რუსული გადახდის სისტემა Мир-ის ოპერატორია.

„ის არაამერიკული ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც რუსეთის გადახდის ბარათების ეროვნულ სისტემასთან ახალ ან გაფართოებულ შეთანხმებებს დებენ, აშშ-ის სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთის მხარდაჭერით რისკავენ. ასეთი რისკები რუსეთის ტერიტორიის გარეთ სისტემა Мир-ის გაფართოებული გამოყენების გამო წარმოიქმნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ის ხაზინის სასანქციე დეპარტამენტმა (OFAC) მოიპოვა უფლება, დააწესოს დაბლოკვის სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებდნენ ან ფინანსურ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ეწეოდნენ, აწვდიდნენ საქონელს ან უწევდნენ მომსახურებას „სანქციებს დაქვემდებარებული საქმიანობის მხარდასაჭერად.“ ეს ზომა, ასევე, რუსეთის ფარგლებს გარეთ Мир-ის სისტემის გაფართოების მცდელობებს შეეხება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ