მცირემიწიან ფერმერებს აგრო ბარათებზე ქულები ჩაერიცხათ

მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში 279,617 ბენეფიციარს, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 0.25 ჰა.-მდე მიწის ფართობი გააჩნიათ, აგრობარათებზე 50 ლარის ღირებულების ქულები ჩაერიცხათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბარათებზე ჩარიცხულმა ჯამურმა სარგებელმა 15,191,640 ლარი შეადგინა.

"აგრო მაღაზიებში სპეციალური ტერმინალების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში ბენეფიციარებს უკვე საშუალება აქვთ შეიძინონ პროექტით განსაზღვრული სასოფლო სამეურნეო საქონელი (სასუქი, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ნერგები). დასავლეთ საქართველოში აგრო ბარათებით სარგებლობა ბენეფიციარებს 20 მარტიდან შეეძლებათ", - აცხადებენ უწყებაში.

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბოლო ეტაპი 2015 წლის თებერვალში დაიწყო და მის ფარგლებში სარგებელს 800,000 მცირემიწიანი ფერმერი მიიღებს. ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ დაამუშაონ მიწა ან მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქონელი აგრო ბარათებზე ჩარიცხული ქულების გამოყენებით.