უკრაინიდან დევნილები მთავრობას 300-ლარიანი დახმარების გაცემის თხოვნით მიმართავენ

უკრაინიდან დევნილები, საქართველოს მთავრობას 300 ლარიანი დახმარების გაცემას სთხოვენ. მათ ერთობლივი ბრიფინგი პარტია “ლელო-საქართველოს” ოფისში გამართეს.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ხელისუფლებამ თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს. “ლელო- საქართველოს” წევრების თქმით,”ქართული ოცნების” ფასადური გადაწყვეტილება- უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის 300 ლარიანი დახმარების გამოყოფა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა.

“ომს გამორიდებული უკრაინელები ითხოვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 24 თებერვლის შემდეგ საქართველოში შემოსული უკრაინელები ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში და 300-ლარიანი დახმარება გასცეს თითოეულ ოჯახზე და არა მხოლოდ მათზე, ვინც სარგებლობდა იმ სასტუმროებით, რომელთაც აფინანსებდა სახელმწიფო. მიგვაჩნია, რომ ეს „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი ფასადური გადაწყვეტილებაა - უკრაინიდან დევნილი მოსახლეობისთვის 300-ლარიანი დახმარების გამოყოფა, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევის მცდელობაა და მეტი არაფერი, ვინაიდან აღნიშნული კომპენსაციით უკრაინის მხოლოდ ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით (და ჩვენი ზეწოლით) იყვნენ განთავსებული სხვადასხვა სასტუმროში. ასეთი კი აჭარაში 200-მდე ოჯახია, რეალურად ჩვენს რეგიონში გაცილებით მეტი დევნილი საჭიროებს დახმარებას და ამ ე.წ ხრიკით „ოცნება“ საერთაშორისო იმიჯის შენარჩუნებას ცდილობს”,- აცხადებენ „ლელოს“ წევრები.