ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 550 000 დოლარად იყიდება

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა 3 550 000. 00 ამერიკულ დოლარად (8029745.00 ლარი) იყიდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა და დღეს, 17:00 საათზე დასრულდება. ყოფილი ნარკოლოგიური შენობის ტერიტორია მოიცავს 7823.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7, N8 და N9 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობას. აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, სასტუმრო ან სავაჭრო/კომერციული/საოფისე დანიშნულების შენობები აშენდება.

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია (გარდა სახლისა); სს "კურორტი ახტალა"; მესტიის რეზიდენცია; წყალტუბოს სანატორიუმები; ყოფილი ნარკოლოგიურის შენობა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე; "ბათუმი თაუერი"; ათონელის რეზიდენცია; შპს "საქართველოს ლატარიის კომპანია"- 70% წილი; თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - თბილისი SPS ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი; ეროვნულ ბანკის ყოფილი შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და საქართველოს პრეზიდენტის ბობოყვათის ყოფილი რეზიდენცია და ა.შ.

ცნობილია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში მყოფი "ბათუმი თაუერის" ღირებულებაც. ის 25 მილიონ ამერიკულ დოლარად ((56547500.00 ლარად) იყიდება.