ტექინსპექტირებაზე მისული ყოველი მესამე მანქანა გაუმართავია

საქართველოში, აქტიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ზრდის პარალელურად, მცირდება ყოველწლიური სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირების ცენტრებში მისული ავტომფლობელების რაოდენობა.

,,ბიზნესპრესნიუსისთვის" აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აკრედიტაციის ცენტრებს პერიოდული ტექნიკური დათვალიერებისთვის 693 978-მა ავტო-მფლობელმა მიმართა, საიდანაც 491 212 ავტომობილი გამართული იყო, 200 134 გაუმართავი, აქედან 2 632-ს კი გადაადგილება აეკრძალა.

2021 წლის პირველ 8 თვეში კი, 762 109 ავტო მფლობელმა. აქედან, პირველივე ჯერზე ტექდათვალიერება 513 049 ავტომობილმა გაიარა, 245 801 ავტომობილი იყო გაუმართავი, საბოლოოდ კი, გადაადგილება გასული წლის იანვარ - აგვისტოში 3 259 სატრანსპორტო საშუალებას აეკრძალა.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან ამბობს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.5 მლნ-ზე მეტი ავტომობილი. ყოველწლიურ სავალდებულო ინსპექტირებას კი, მუდმივად ნახევარი გადის, რასაც იორდანიშვილი აღსრულების მექანიზმში პრობლემებით ხსნის.

„1,5 მლნ ავტომობილი არის აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება და ტექინსპექტირებას ნახევარი გადის. დასკვნების გამოტანაც მარტივია, თუ რამდენი სატრანსპორტო საშუალება ტექინსპექტირებას არ გადის, სავარაუდოდ, ბევრი მათგანი გაუმართავია”, - განაცხადა იორდანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მონაცემები გაზრდილია პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით. როცა პირველადი ტექინსპექტირება 569 246 ათასმა ავტომობილმა გაიარა, მეორადი კი 108 689 ათასმა ავტომობილმა.

თამარ მუკბანიანი