კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, ბანკებს დაცვის აყვანის ვალდებულება გაუჩნდეს

პარლამენტის უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, ბანკებს დაცვის აყვანის ვალდებულება გაუჩნდეს.

როგორც კახიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „უნდა ჩაიკეტოს ის ხვრელები, რითაც კრიმინალები სარგებლობენ“.

„მინდა მოგმართოთ თხოვნით და ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე, გავაანალიზოთ, რა ხდება. რეალურად, ეს არის დაწესებულებები, სადაც დიდი ფული ინახება. გასაგებია, რომ ეს ფული არის დაცული და დაზღვეული აქვთ, მაგრამ ამასობაში დაცვას არ იყენებენ, რომ ხარჯები არ გაწიონ. ამ სოციალური პირობების ფონზე ძალიან ადვილი საქმეა, რომ ვიღაცას თვალი გაექცევა და შედის ბანკში, სადაც არც დაცვაა, არც არაფერი არაა. ერთია, რომ ეს პირი დანაშაულს სჩადის, მეორეა, რომ უბედურებაში მივდივართ და მესამეა, რომ ასეთ ვითარებაშია ხალხი. ვფიქრობ, არაფერი მოუვა ბანკებს, თუ რაღაც რეგულაციით დავავალდებულებთ, რომ სავალდებულო გახდეს დაცვის აყვანა. ეს ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი იქნება. ასე მიშვებაც ბოლომდე არ შეიძლება ყველაფრის. უნდა მივიწიოთ წინ და წინ, რომ ჩავკეტოთ ის ხვრელები, რითაც სარგებლობენ კრიმინალები“, - განაცხადა კახიშვილმა.