„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, აჭარის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზებია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები და 20%-ში ხარვეზები გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 178 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 36-მა შეავსო. მათგან 22-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევ პირებს შორის არიან ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები.

„16 თანამდებობის პირს საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში - წილების ფლობა და ხელმძღვანელობა. 9 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილისმართვის უფლება სხვა პირისათვის. 12 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება, ხოლო 5-მა პირმა თანამდებობაზე ყოფნისას მიიღო შემოსავლები აკრძალული/ნებადაურთველი საქმიანობიდან.

საქართველოს კანონით “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ - კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური”, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში.

https://transparency.ge/ge/post/xarvezebi-acharis-municipalitetebis-tanamdebobis-pirta-konebriv-deklaraciebshi?fbclid=IwAR20hfnC1YJKqOjbXDMrnFfhUmbZG38VGQCPGmVX_fYzamRLiEBNE7DEFrw