ამერიკის უმსხვილესი კომპანიები მომდევნო წლებში 20 ათასზე მეტ ლტოლვილს დაასაქმებენ

აშშ-ის უმსხვილესი კომპანიები გეგმავენ, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ლტოლვილი დაასაქმონ - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გაზეთი ეყრდნობა იმ განცხადებას, რომელიც კომპანიებმა ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე Tent Partnership for Refugees გაავრცელეს. ღონისძიებაში მონაწილეობას 100-მდე ამერიკული კომპანია იღებდა, მათ შორის, იყვნენ Amazon.com Inc., Marriott International Inc. და Pfizer Inc.,

Tent Partnership მოელის, რომ აღნიშნული ინიციატივა უფრო ეფექტურ ინტეგრირებას მოახდენს ლტოლვილების იმ ტალღის, რომელიც ქვეყანას მიმდინარე წელს ავღანეთიდან და უკრაინიდან მოაწყდა.

ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ ავღანეთიდან თალიბანს გამოქცეულმა 80 ათასმა ლტოლვილმა შეაფარა შტატებს თავი, აქედან 41 ათასი შრომისუნარიანია. ხოლო მიმდინარე წელს 150 ათასმა უკრაინელმა ლტოლვილმა ჩააღწია შტატებში, აქედან მხოლოდ 50 ათასი ჩავიდა შტატებში ამერიკის სახელმწიფო პროგრამის United For Ukraine-ის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უკრაინელებისთვის ლტოლვილის სტატუსის გაცემას, დანარჩენებს შორის კი იყო სხვადასხვა ვიზები, მათ შორის ტურისტულიც კი, რომელიც არ ითვალისწინებს სამუშაო უფლების გაცემას.

აღსანიშნავია, რომ ის ძირითადი კომპანიები, რომლებშიც ყველაზე მეტად საქმდებიან ლტოლვილები, არის Amazon, Walmart Inc. და Uber Technologies Inc.

კოკა კვირკველია