რუსების ამჟამინდელ ცხოვრების დონეზე ამერიკელები 1908 წელს იყვნენ

რუსეთის კეთილდღეობის ამჟამინდელი დონე აშშ-ის 1908 წლის მაჩვენებელს შეესაბამება, რაც 2026 წლამდე ისევე გაიზრდება, როგორც შეერთებულ შტატებში 1908-დან 1912 წლამდე იზრდებოდა. ამის შესახებ Global Wealth Report 2022-ის მე-13 წლიურ ანგარიშში არის ნათქვამი, რაც შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიმდინარე ანგარიშში Credit Suisse-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს ისეთ ასპექტს, როგორიც არის სხვადასხვა ქვეყნის კეთილდღეობის რეტროსპექტული შედარებითი ანალიზი. მაგალითად, 2021 წელს ევროპის კეთილდღეობის მთლიანმა ოდენობამ 106 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც შეერთებული შტატების 2016 წლის სიმდიდრის დონეს უტოლდება.

ამ მხრივ ყველაზე დიდი პროგრესი ჩინეთის ეკონომიკამ განიცადა, სადაც კეთილდღეობის დონე 2000-დან 2021 წლამდე ისევე იზრდებოდა, როგორი ზრდაც შეერთებულ შტატებში 1925 წლიდან 80 წლის განმავლობაში იყო. ამასთან, Credit Suisse-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 119 ტრლნ დოლარის კეთილდღეობის დონეს მიაღწევს.

ერთ სულ ზრდასრულ მოსახლეზე კეთილდღეობის საშუალო დონის მიხედვით მსოფლიოში შვეიცარია ლიდერობს, რაც ერთ ადამინაზე 696,6 ათას დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის აშშ, სადაც ერთ სულ ზრდასრულ მოსახლეზე კეთილდღეობის დონე 579 ათასი დოლარია, მესამე ადგილზე კი 552,9 ათასი დოლარის მაჩვენებლით ჰონგ კონგია. ზოგადად, 2021 წელს მსოფლიოში კეთილდღეობის საშუალო დონემ 87 489 დოლარს მიაღწია, რაც, 2020 წელთან შედარებით, 8,4%-ით მეტია.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის ომი უახლოეს წლებში ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპს ყველა ქვეყანაში შეანელებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ