რომან გოცირიძე: საჭიროა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კორექტირება, პრივატიზაციის და ეკონომიკური რეფორმების დაჩქარება

დიალოგი და გულწრფელი ურთიერთობა საზოგადოებასთან პროცესის გაჯანსაღებას ეხმარება და არა პირიქით, როგორც ზოგს ჰგონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ეკონომიკური პროფილის მინისტრების პრეზიდენტის მრჩეველთან, გიორგი აბაშიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"შეხვედრაზე საუბარი იყო ფინანსური სტაბილიზაციის საკითხებზე, რა თქმა უნდა, ლართან დაკავშირებით, რომელიც ყველაზე აქტუალურია დღეს. მივესალმეთ იმ ინიციატივას, რომ ხდება გულწრფელი განხილვა ამ თემისა. კარგია, რომ პარლამენტშიც იქნება ეს საკითხი განხილული მთავრობისა და ეროვნული ბანკის მონაწილეობით. დიალოგი და გულწრფელი ურთიერთობა საზოგადოებასთან ეხმარება პროცესის გაჯანსაღებას და არა პირიქით, როგორც ზოგს ჰგონია. ყველანაირი იგნორირება რომელიმე მხარის მიერ, რომ ეს საკითხი არ იყოს ღიად განხილული პარლამენტში, იქნებოდა სერიოზული უპასუხისმგებლობა", - აღნიშნა გოცირიძემ. მისივე აზრით, მთავრობა და ეროვნული ბანკი მოვლენების რეალისტურად ვერ აფასებენ და ვითარების ჩაწყანერებისთანავე ისინი დამშვიდებას მიეცემიან, შემდეგ როცა ლარი კვლავ სუსტდება, აგონდებათ, რომ ქმედებებია საჭირო.

გოცირიძის თქმით, მსოფლიო სავალუტო ფონდმა ცალსახად განაცხადა, რომ მისია თვენახევარში დაბრუნდება და ამ პერიოდში მთავრობას უნდა ჰქონდეს გეგმა. "ფაქტობრივად, დღეს ჩვენ გეგმა უნდა გვქონდეს. ამიტომ ის განცხადებები, რომ ბიუჯეტის შეკვეცა იქნება ავეჯით და ადმინისტრაციული ხარჯებით, არასერიოზულია. საჭიროა ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კორექტირება, პრივატიზაციის და ეკონომიკური რეფორმების დაჩქარება", - განაცხადა რომან გოცირიძემ და დასძინა, რომ მრავალმხრივი მიმართულებით არის სამუშაო, რაც ერთ ტექნიკურ გადაწყვეტილებამდე არ უნდა დაიყვანებოდეს.