კახა კალაძემ კრწანისის გამგეობის ახალი შენობა დაათვალიერა

კრწანისის რაიონში, გამგეობის ახალი შენობა გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დრომდე, კრწანისის გამგეობას საკუთარი შენობა არ ჰქონია.

შესრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ახალ შენობაში მოქალაქეებს ყველანაირი სერვისის მიღება შეუძლიათ.

„გვაქვს შესაძლებლობა, კრწანისის რაიონში გამგეობის ახალი შენობა გავხსნათ. არსებობის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგეობას საკუთარი შენობა არ ჰქონია. ყოველთვის იჯარით ვიღებდით შენობა-ნაგებობას, რომელიც გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება იყო, სადაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა კრწანისის რაიონის გამგეობას შესაბამისი შენობა-ნაგებობა აუშენა. ძალიან სასიამოვნო გარემოა აქ მომსვლელთათვის - მოწესრიგებულია, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ყველანაირი სერვისის მიღება არის შესაძლებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც კომპანია შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენმა“ შეასრულა, მიმდინარე წლის ივლისში დასრულდა. შენობის მოპირდაპირედ, მოეწყო სკვერიც.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ 2 736 918 ლარი შეადგინა. გამგეობის ახალი შენობის მისამართია გიორგი გურამიშვილის ქ. N6.

კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე და საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.